ქალის ბლოგი
კოდიანი - საკირელი ქალების ზაფხულის საცხოვრებელი

ბორჯომიდან 31 კილომეტრი უნდა გაიაროთ და სოფ. საკირის გავლით „კოდიანის“ მთაზე მოხვდებით. აქ თითქმის ყველა სახლი

ერთნაირია და ხის მასალით არის აშენებული. ასეთი დაახლოებით ოცდახუთია და ამდენივე ოჯახი ატარებს ზაფხულს „კოდიანზე“.

 

მთაში ზაფხულის და შემოდგომის თვეების გასატარებლად, ძირითადად საკირის მცხოვრებლები მიდიან. მაისის ბოლოს ბარგს ჩაალაგებენ, არცერთი წვრილმანი არ უნდა დაავიწყდეთ, მსხვილფეხა თუ წვრილფეხა პირუტყვს და ფრინველს გაირეკავენ და „კოდიანის“ გზას გაუყვებიან.  მთაში 4-5 თვეს ატარებენ და სექტემბრის ბოლოს უკან, სოფელში ბრუნდებიან.



მარიამ სამსონიძე

ქალები კოდიანზე ყველაზე ადრე იღვიძებენ.  აქ გვიან ადგომა წარმოუდგენელია. საქმე დილიდან უნდა დაიწყო და შებინდებამდე დაასრულო. საქმის ნაკლებობას კი აქ ნამდვილად არ უჩივიან. ძროხის მოწველიდან დაწყებული, საოჯახო საქმეებით დამთავრებული, ყველაფრის კეთება უწევთ, სახლთან ახლოს ბოსტანსაც ამუშავებენ.




დღის განმავლობაში თუ ცოტა დროს გამონახავენ ერთად იკრიბებიან და ერთმანეთს  სიხარულს თუ სატკივარს უზიარებენ. დასახლების პრობლემებს განიხილავენ. ასე გაყავთ ცივილიზაციას მოწყვეტილებს ერთმანეთის მსგავსი დღეები.

მარიამ სამსონიძე, 59 წლის - კოდიანზე პირველი ზაფხული 30 წლის წინ გაატარა. თავიდან გაუჭირდა, მაგრამ ოჯახს ასე სჭირდებოდა. თითოეული ქალისთვის მთაში გატარებული ერთფეროვანი და დამღლეელი დღეები, ზამთარში ოჯახის ფინანსური სტაბილურობის გარანტია. აქ მთელი ზაფხულის განმავლობაში ყველს და რძის პროდუქტებს ყიდიან.

„წელსაც ოჯახთან ერთად ამოვედი, 6 სულ ძროხას ვუვლი. დილით ადგომა ხუთ საათზე მიწევს. ყველაზე რთული აქ უშუქობაა.“ - გვიყვება მარიამ სამსონიძე.


„საკირეში ხაშურიდან გავთხოვდი, მთასთან კი არა, ძროხასთანაც შეხება საერთოდ არ მქონია. ოჯახი მოითხოვს და შვილებს სჭირდებათ, აქ ამის გამო ამოვდივარ, თორემ სიხარულით მთელ ზაფხულს მთაში ალბათ არავინ ატარებს. ფიზიკურად ძალიან დატვირთული ვარ ამასთან ერთად ყველანაირ ცივილიზაციას მოწყვეტილი.“ - მთაში გატარებულ დღეებზე გვიამბობს 37 წლის ლელა არევაძე.

მთაში წასვლამდე პირველადი საჭიროების პროდუქტის, დიდი რაოდენობით მომარაგება უწევთ. ოთხი-ხუთი თვის განმავლობაში, ბარში სულ რამდენჯერმე ჩადიან, ამიტომ ყველაფრის წინასწარ მომარაგება აუცილებელია. ხანდახან პროდუქტს ერთმანეთს აბარებენ, ხან მანქანით ერთი ოჯახი მიდის და პროდუქტი სხვებისთვისაც მიაქვს. პურს კი იქვე აცხობენ შეშის ღუმელში.

„აქ არც წყალი გვაქვს, არც გზა და არც შუქი“ - გვიყვება 69 წლის დარეჯან სამსონიძე, რომელიც კოდიანზე უკვე მეორმოცე ზაფხულს ატარებს.

„შვილებიც აქ დავზარდე, შვილიშვილებიც. დილით ექვსის ნახევრიდან ფეხზე ვარ. საქონელი უნდა მოწველო, გარეკო, მობრუნდე, ხბო, ღორი, ქათამი, ყველაფერი აქ გვყავს, ყველაფერი მოსავლელია. ყველი, რძე, გარეცხე, გაწურე, ვახშამი, სადილი - ეს ყველაფერი ქალმა უნდა გააკეთოს“ - ამბობს მთაში ცხოვრების ყველაზე დიდი გამოცდილების მქონე დარეჯანი.

კითხვაზე რა ენატრებათ ყველაზე მეტად მთაში ყოფნისას? დასახლების ცენტრში, გრძელ ხის სკამზე ჩამომსხდარი ქალები თითქმის ერთნაირად გვპასუხობენ:

„შვილიშვილებთან ყოფნა, ჩვენი ასაკი ისეთია, ბუხრის გვერდზე უნდა მიჯდე და ელიკლიკო შვილიშვილებს, მაგრამ სად არის,საქმე თოფით რომ მოგდევს, ვინ დაგაჯენს, რა დაგაჯენს“ - გვეუბნება დარეჯან სამსონიძე გულდაწყვეტილი.

სხვებს სინათლე ენატრებათ, საღამოობით ტელევიზორთან ჯდომა, ადამიანებთან ურთიერთობა და რა თქმა უნდა დასვენება.





დასახლების დროებითი ბინადრების ნაწილმა კოდიანი უკვე დატოვა. ოქტომბრის ბოლომდე კი მთა მთლიანად დაიცლება.  ქალები  გაზაფხულზე უკვე შეგროვებულ და მთაში ატანილ ნივთებს,  კიდევ ერთხელ შეაგროვებენ, ბარგს ჩაალაგებენ, მანქანას დატვირთავენ,  პირუტყვს გაირეკავენ, ხის საცხოვრებლის კარს ჩაკეტავენ და კოდიანს მომავალ ზაფხულამდე დაემშვიდობებიან.

2021 წლის ზაფხულში კი ყველაფერი ისევ თავიდან დაიწყება მთა, შრომა, ერთფეროვანი დღეები და შემოდგომის მოლოდინი, საკუთარ ოჯახში დასაბრუნებლად.







Print E-mail
FaceBook Twitter
კვირის პოპულარული სიახლე
ბორჯომში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფ. ჭობისხევში ახალგაზრდა კაცს covid 19 დაუდასტურდა. როგორც სოფელში ამბობენ, 25  წლამდე კაცს
14:35 / 14.10.2020
დღის ამბები
სამცხე-ჯავახეთში კიდევ 7 ახალი შემთხვევა და 100 კოვიდინფიცირებული რეგიონში;
სოციალურად დაუცველი ოჯახი დახმარების მოლოდინში.
სასტუმროები
ოთხ ვარსკვლავიანი სასტუმრო ,,გოლდენ ტულიპი" ,,ფირუზას" სახელით ცნობილ ისტორიულ შენობაშია განთავსებული.
საოჯახო სასტუმრო ,,გრიმის ვილა“ ბორჯომის ცენტრში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარეობს.
ამინდი
ბორჯომი 8 - 17 °C
img
ახალციხე 7 - 17 °C
img
თბილისი 12 - 21 °C
img
ასპინძა 7 - 19 °C
img
ახალქალაქი 4 - 14 °C
img
გამოკითხვა
ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ კანდიდატს აირჩევდით ბორჯომი, ასპინძა, ადიგენი, ახალციხის ოლქში?
ვალუტა
EUR
EUR
1
3.7763
GBP
GBP
1
4.1678
TRY
TRY
1
0.4067
USD
USD
1
3.2117
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.