ქალის ბლოგი
ცხოვრება დევნილობაში და ნულიდან დაწყებული ბიზნესი
57 წლის ინეზა ნარსია აფხაზეთიდან დევნილია. ბორჯომში, 30 წლის წინ დასახლდა. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი, ომის შემდეგ ბორჯომში მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად ჩამოვიდა. აქ კიდევ ორი ბიჭი შეეძინა. შემდეგ მეუღლე გარდაეცავალა და 3 შვილის დედას მარტო უწევს შვილებზე ზრუნვა. პროფესიით აგრონომია, თუმცა სამსახურებში დასაქმება იმ დროს თითქმის შეუძლებელი იყო და თავდაპირველად ბაზარში ყველის გაყიდვით დაიწყო ოჯახის რჩენა. ყველის შემდეგ ჭურჭელი შემოიტანა და ახლა თვითდასაქმებულია და უკვე 13 წელია, ქალაქის ცენტრში საჩუქრების პატარა მაღაზია აქვს. ნაქირავებ ფართში ჭურჭელს, სუვენირებს და მცირე ტექნიკას ჰყიდის. თუმცა აქამდე მოსასვლელად რთული გზა გაიარა. 




თვითდასაქმებულ მარტოხელა დედას საოჯახო ბიზნესში შვილები ეხმარებიან. ჰყავს 19, 30 და 32 წლის ბიჭები. როგორც დევნილი, ყოველთვიურად სახელმწიფოსგან იღებს ფულად დახმარებას 45 ლარის ოდენობით. დაახლოებით 3 წლის წინ კი ხელისუფლებამ საცხოვრებელი ბინა გადასცა გორში. შვილებთან ერთად ამჟამად სანატორიუმ „ბორჯომში“ ცხოვრობს, რომელიც მისი თქმით ავარიულ მდგომარეობაშია. 2 ოთახიანი სახლი რომელიც საჩუქრად მიიღო, ამბობს რომ 3 ბიჭისთვის არ არის საკმარისი. ამიტომ ცდილობს, საკუთარი ხარჯებით და ბანკიდან აღებული სესხით, შვილები საცხოვრებლით უზრუნველყოს.

„სამ ბიჭზე 2 ოთახიანი ბინა მოგვცეს გორში. ამიტომ, დღე და ღამე ვშრომობ, ვმუშაობ, რომ დანარჩენებსაც შევუძინო. ყველაფერზე სახელმწიფოს ხომ ვერ დაელოდები რომ ვინ როდის დაგეხმარება. ოჯახში ვეხმარებით ერთმანეთს, რომ რაღაც ავაშენოთ, მიწა შევიძინოთ, ბანკის სესხით რა თქმა უნდა. ახლა იმ ეტაპზე ვარ, რომ ნახევრად აშენებული მაქვს სახლი. აქამდე რთული გზა გავიარეთ“ - ამბობს ინეზა ნარსია.




მიუხედავად ამ გაჭირვებისა და რთული გზისა, მისთვის ყველაზე მტკივნეული პერიოდი სწორედ ის იყო, როდესაც მშობლიური მხარის და ოჯახის იქ დატოვება მოუწია. ომის შემდგომ პერიოდს და და-ძმებთან განშორებას, ემოციების გარეშე ვერ იხსენებს.




რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, თვითდასაქმებულ დევნილს სურს, რომ სახელმწიფო პროგრამებში ჩაერთოს და შეძლოს ბიზნესის გაფართოვება. ფინანსური დახმარების შემთხვევაში, აგრეთვე აპირებს საოჯახო სასტუმროს აშენებას.

„არის რაღაც სახელმწიფო პროგრამები. „აწარმოე საქართველოში“ და ა.შ. ძალიან მინდა, რომ რამე პროგრამაში მოვხვდე. იმიტომ, რომ იქ სადაც სახლი შენდება, ისეთი პერსპექტივაა კიდევ, შეიძლება ორი ბიჭის სახლი აშენდეს და პლიუს ჩვენი შემოსავალი ის იყოს, რომ საოჯახო სასტუმრო გაკეთდეს. ჩემ მცირე ბიზნესსაც რა თქმა უნდა გავაფართოვებდი. ახლა ბიზნესს ვერ ვაფართოვებ, რადგან ყოველთვიურად ვიხდი 1500 ლარს ბანკის სესხს. და როგორია, როცა ბანკის სესხს იხდი ამდენს პლიუს კვება გინდა, ამ ფართის ქირა გინდა და შესაბამისად, გაჩერებულია ჩემი მშენებლობა“ - ინეზა ნარსია.







ინეზას მცირე ბიზნესში კი საიდანაც ახერხებს ოჯახის რჩენას, იკლო შემოსავლებმა. დევნილი ქალი იმედს არ ჰკარგავს, რომ კვლავ შეძლებს ფეხზე მყარად დგომას. მისი მთავარი სურვილი კი შვილების საცხოვრებლით უზრუნველყოფა და აფხაზეთში დაბრუნებაა, იქ სადაც მშობლები და დედმამიშვილები ათეული წლის წინ დარჩა.

„დაუფიქრებლად! დაუფიქრებლად დავბრუნდებოდი აფხაზეთში. ჩემი ოცნება ეგ არის. აფხაზეთში არიან დასაფლავებული ჩემი მეუღლე, მშობლები, ჩემი დედმამიშვილების თითქმის ნახევარი იქ არის. ახლა მხოლოდ ტელეფონით ვეკონტაქტებით ერთმანეთს, გზა არ არის და ვერც გადავდივართ და ვერც გადმოვდივართ. რა თქმა უნდა, ბორჯომში ძალიან თბილი ხალხი ცხოვრობს და ძალიან შევეჩვიე ამ ქალაქს, მაგრამ დაბრუნება რომ იყოს შესაძლებელი, ერთ წუთსაც არ დავფიქრდებოდი!“ - ინეზა.





Print