ქალის ბლოგი
ბორჯომელი ფერმერი გამოწვევებით და სამომავლო გეგმებით
ირმა მაღრაძე ბორჯომში, ერთ-ერთი გამოცდილი ფერმერია. პროფესიით აგრონომია და იცის, სად რომელი ნერგი გაამართლებს და გაიხარებს. სოფელ დაბაში, მარწყვი 30 მეასედ მიწის ნაკვეთზე აქვს გაშენებული და მუდმივად უვლის. შრომაც უფასდება და მოსავალსაც კარგს იღებს ხოლმე. აღმოაჩინა, რომ ბორჯომის კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, რამდენიმე თვიანი ჯიშები ამართლებს და ცდილობს ამ სახეობის მარწყვი დარგოს. ერთადერთი, წელს არ გაუმართლა, რადგან სტიქიის შედეგად ორჯერ დაისეტყვა და 7 ტონამდე მოსავალს ელოდა, თუმცა ამ მიზეზის გამო ერთ ტონამდეც ვერ შეძლო მარწყვის დაკრეფა.




თავდაპირველად, მარწყვი საკუთარ პატარა ეზოში მოჰყავდა. წლების წინ კი როდესაც დაბაში ტყე გადაიწვა, გადამწვარი ფართობების აღდგენასთან ერთად, გაერომ ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებაც გადაწყვიტა. მათი მიზანი იყო აქ მცხოვრებლებს ეკონომიკური სარგებელი მიეღოთ და სოფლის მეურნეობით დაინტერესებულიყვნენ. 10 ადგილობრივი გლეხი ერთი იდეის გარშემო გაერთიანდა და მიღებული დაფინანსებით დაიწყეს კენკროვნების მოყვანა. თითოეულ ფერმერს 3 მეასედ მიწის ნაკვეთზე 3000 ლარზე მეტი დაფინანსება ერგო. სწორედ ასე შეძლო ირმამ, იდეა ექცია რეალობად და რაც მთავარია, შემოსავლის წყაროდ. ნელ-ნელა შეძლო მიწის ნაკვეთის გაფართოება და ახლა მარწყვი 30 მეასედ მიწის ფართობზე აქვს გაშენებული. მოჰყავს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, ქიმიური დანამატების გარეშე.

„როდესაც ტყე დაიწვა, იმ დროს გაერომ დიდი დახმარება გაგვიწია. 2012 წელს, ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს დაიწყო ეს პროცესი. გადაწყვიტეს, რომ ტყე გაეშენიანებინათ და ადგილობრივებს ეკონომიკური სარგებელიც მიგვეღო. მაშინ ჩვენ დავფინანსდით 10 გლეხი. ჩემი იდეა იყო მარწყვის მოყვანა, რადგან მარწყვი მე მქონდა ბაღში და უკმაყოფილო არ ვიყავი. თან ჩვენი კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, სხვას ვერაფერს მოვიყვანდი ისეთს რომ ბიზნესად მექცია. თვითონ მოგვიტანეს სხვადასხვა ჯიშის ნერგები. მარტო ბალახიც რომ იყოს და ვერ შეძლო მუშაობა, თუ მოსავალი აქვს ამ მარწყვს, მაინც ექნება მოსავალი, ისეთი ველური ჯიშებია“ - გვიყვება ირმა მაღრაძე.





ათმა ფერმერმა საერთო კოოპერატივი ჩამოაყალიბა და მისი თავმჯდომარე ირმა მაღრაძეა. სოფელ დაბაში, თითოეულ მათგანს კენკროვნები მოჰყავს და საკუთარი ბიზნესი აქვს. კორონავირუსის პანდემიის დროს, გარკვეული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა, თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ ამ პერიოდში უფრო მეტი ადგილობრივი და მათ შორის ახალგაზრდა დაინტერესდა სოფლის მეურნეობით. მათაც გაუჩნდათ სურვილი, მიწები დაემუშავებინათ და პროდუქტი მოეყვანათ.



ამბობს, რომ მარწყვის მოვლა-პატრონობა რთულია, სოფელს მიწის დასამუშავებლად არც ტრაქტორი ჰყავს, რაც მათ შრომას კიდევ უფრო აორმაგებს, ამიტომ სახელმწიფოსგან უფრო მეტად დახმარების ტექნიკის მხრივ ელოდება. თავად კი საქმის შესაშველებლად, ხშირად ადგილობრივებსაც ასაქმებს. კოორპერატივის თავმჯდომარემ შვილთან ერთად, ბორჯომში ბიოტურიზმის განვითარებაც გადაწყვიტა, თუმცა კორონავირუსის პანდემიამ მისი გეგმები დროებით დააპაუზა.




მარწყვის გატანა ევროკავშირის ბაზარზე აქამდეც უნდოდა, თუმცა ამბობს, რომ იმ რაოდენობის მოსავალს ვერ იღებს რომ შეძლოს მისი რეალიზება ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

„ევროკავშირის ბაზარზე იყო საუბარი. ჩვენთან უნდა მოეტანათ მაცივრები, სადაც უნდა შეგვენახა ეს მარწყვი. იყო ეგ პროექტი, იყვნენ მოსულები, მაგრამ იმ რაოდენობის მარწყვი ვერ მოვაგროვე რაც მათ სჭირდებოდათ. ყოველ მესამე დღეს უნდა დამეკრიფა 200 კილო. ცუდი არ იქნებოდა, მაგრამ დიდ რაოდენობას ითხოვნდნენ და ვერ შევძელით. იქნებ სამომავლოდ მოვახერხო, თუ ბიზნესის გაფართოვება შევძელი“ - ირმა მაღრაძე.




ირმა მაღრაძეს ამ მიწის ნაკვეთის გარდა, ახლა სათბურიც აქვს და ჟოლოს სანერგე მეურნეობაც. ფერმერისთვის ეს კენკროვნები შემოსავლის ერთ-ერთი მთავარი წყაროა. ამბობს, რომ პანდემიის დროს ჟოლოს ნერგების გაყიდვა გაუჭირდა იმ რაოდენობით, რასაც აქამდე ყიდდა. მისი თქმით, შემცირდა მოთხოვნაც და მსურველთა რაოდენობაც. იმ პერიოდში როგორც თვითდასაქმებულმა, სახელმწიფოსგან დახმარება რაც მიიღო, ერთდჯერადად 300 ლარი იყო.




ბორჯომის მუნიციპალიტეტში დაახლოებით 6000 მცირე და 400 მსხვილი ფერმერია რეგისტრირებული. პანდემიის დროს, მათგან ვინ რა სახის დახმარება მიიღო სახელმწიფოსგან რთული გასარკვევია. ფერმერების ნაწილი ამბობს, რომ ცენტრალური მთავრობისგან დახმარების მიღება ვერ შეძლეს, რადგან მას თან ახლავს რთული ბიუროკრატიული ბარიერები. კერძოდ: ბენეფიტების მიღება გაუჭირდათ იმ ფერმერებს, რომლებსაც მიწა დარეგისტრირებული არ ჰქონდათ.



სახელმწიფოს სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა - „ზრუნვა სოფელზე და ფერმერზე“, შემდეგნაირ დახმარებას გულისხმობს:

 თითოეული ფერმერი, რომელსაც აქვს დარეგისტრირებული მიწა, ერთ ჰექტარზე სახელმწიფოსგან 200 ლარს მიიღებს, რაც ნიშნავს იმას, რომ საშუალო და მსხვილი საფერმერო მეურნეობები, რომლებსაც მაგალითად აქვთ 10 ჰექტარი მიწა და მას ამუშავებენ, სახელმწიფოსგან მიიღებენ დახმარებას 2 000 ლარის ოდენობით.

 გარდა ამისა, ყველა ფერმერი, ერთ ჰექტარზე 150 ლიტრ დიზელის საწვავს მიიღებს, რომელიც გარანტირებულად, საბაზრო ფასზე ერთი ლარით იაფი იქნება.


 ანტიკრიზისული გეგმის შესაბამისად, საქართველოში ყველა ფერმერი, რომელთა რაოდენობა 42 000-ია, სრულად გათავისუფლდება საირიგაციო საფასურისგან. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ფერმერებს, 2020 წლის განმავლობაში სარწყავი წყალი უფასოდ ექნებათ.

 ხოლო იმ ფერმერებს, რომლებსაც ტექნიკის შეძენა დასჭირდებათ, სახელმწიფო, გრანტის სახით 50 პროცენტს დაუფინანსებს.


 მთავრობის მეთაურის თქმით, დაწესებული შეღავათებით და დახმარებებით ის ფერმერებიც ისარგებლებენ, რომელთაც რაიმე მიზეზით მიწა დარეგისტრირებული არ აქვთ და წლის ბოლომდე ამას მოახერხებენ.

მთავრობის გეგმის თანახმად, მომდევნო 3 წლის განმავლობაში, ქვეყანაში მიწის ყველა ფართობი სრულად უნდა იყოს აღრიცხული და რეგისტრირებული.

„ერთი შეხვედვით პროგრამა საკმაოდ კარგია, თუ სწორად გავრცელდება ინფორმაცია და მოქალაქეები სწორად შეძლებენ ამ ბენეფიტებით სარგებლობას. თუმცა როდესაც საუბარია, რომ ყველას ყველაფერი, ჩემი აზრით ეს მიდგომა არასამართლიანია. რადგან, მაგალითად, თუ ვინმეს მელიორაციის პრობლემა ჰქონდა, მას აქვს რამდენიმე ჰექტარი მიწის ნაკვეთი და წლების მანძილზე არ იხდიდა მიწის მორწყვის საფასურს და ამავდროულად იღებდა მოსავალს, ამ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელებმა, ანუ ჩვენ რატომ უნდა გადავიხადოთ მის მიერ წლების განმავლობაში დაგროვილი გადასახადი, ცოტა გაუგებარია და უსამართლობის განცდას ტოვებს. არის ქეისები მაგალითად კრედიტებთან დაკავშირებითაც. მაგალითად, ამ პროგრამით როდესაც ფერმერი თუ მეურნე იღებს კრედიტს, მას გარკვეული საურავის გადახდა უწევს და სწორედ ამ პროცენტს იხდის სახელმწიფო . როდესაც ბიზნესმენი იღებს 5 ჰექტარ ფართობს, რომელიც საკმაოდ დიდი ქონების მფლობელია, არის მილიონერი და ასეთ მდიდარს სახელმწიფო უხდის პროცენტებს, ეს ძალიან უსამართლოდ მიმაჩნია“ - აცხადებს ნუგზარ სუარიძე, „აგროგარემო TV-ს დირექტორი.

ნუგზარ სუარიძის თქმით, მნიშვნელოვანია მოსახლეობის სწორი ინფორმირება, თუ როგორ უნდა ისარგებლონ არსებული ბენეფიტებით. ამ კუთხით კი „აგროგარემო TV-ს დირექტორი, რეგიონული მედიის როლს მნიშვნელოვნად მიიჩნევს. სუარიძის განცხადებით, ადგილობრივი მედია არის ინფორმაციის მიწოდების ერთ-ერთი კარგი საშუალება საზოგადოებისთვის და სწორედ ამ თემების ხშირი გაშუქებით არის შესაძლებელი, აუდიტორიის დროული ინფორმირება, რეალურად რა სახის დახმარებას უწევს სახელმწიფო სოფლის მეურნეობაში ჩართულ გლეხებს.



Print