ქალის ბლოგი
ძალადობა, ფემიციდი - ქალები მუდმივი საფრთხის წინაშე
„27 წლის განმავლობაში ვიყავი ძალადობის მსხვერპლი და თავს ვგრძნობდი პატიმრად“ - გვიყვება ქალი, რომელსაც ოჯახში მეუღლის მხრიდან ძალადობა საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი. ფიზიკურ შეურაწყოფას სისტემატურად ითმენდა.

შემდეგ, სამართალდამცველებს მიმართა და ბოლო რამდენიმე წელია მისი ქმარი სასჯელს იხდის. ერთხელ სცადა შანსის მიცემა და ბრალდებულს საპატიმრო დაატოვებინა, თუმცა მეუღლემ ამჯერად ცოლის მოკვლა სცადა. ამ ფაქტის შემდეგ მოხდა მისი ხელახლა დაკავება.

ძალადობის მსხვერპლი ჩვენთან საუბრისას ყვება რომ მისი ქმარი ხშირად არაფხიზელ მდგომარეობაში იყო და არაადეკვატურად იქცეოდა.





ბოლო წლების სტატისტიკა საქართველოში


შსს სტატისტიკით, საქართველოში მიმდინარე წელს (15 ივნისის მდგომარეობით) ოჯახში მომხდარი დანაშაულის 2171 შემთხვევა მოხდა, აქედან 1340 ფაქტი გახსნილია. სამცხე-ჯავახეთში კი ამ დრომდე, ოჯახში ძალადობის 65 შემთხვევა დაფიქსირდა, გახსნილია 59 საქმე. ქვეყნის მასშტაბით, ბოლო 4 წლის სტატისტიკა ასე გამოიყურება.


ომბუდსმენის ანგარიში და რეკომენდაცია


აღსანიშნავია ისიც, რომ სახალხო დამცველის აპარატმა საქართველოში ბოლო 5 წლის განმავლობაში ქალთა მკვლელობის და მკვლელობის მცდელობის შემთხვევები შეისწავლა და ანგარიშში ასახა. მათი ინფორმაციით, შესწავლილი 83 შემთხვევიდან 21 მსხვერპლს არ ჰქონდა მიმართული შესაბამისი უწყებებისთვის. ომბუდმსენის აპარატში აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში მსგავსი შემთხვევების სტატისტიკა მზარდია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ქვეყანაში პრევენციული ღონისძიებები ეფექტურად ვერ ხორციელდება. ეკა სხილაძის თქმით, მიმართვიანობის განსაკუთრებული პრობლემაა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, მათ შორის სამცხე-ჯავახეთში, სადაც ასევე მაღალია მსგავსი ფაქტების რიცხვი.

„2020 წლის განმავლობაში, ამ დროისთვის საქართველოში, გენდერული ნიშნით 10 ქალი იქნა მოკლული და 15 ქალის მკვლელობის მცდელობასთან გვქონდა საქმე. განსაკუთრებული პრობლემაა ამ მხრივ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, რადგან იქ ნაკლები წვდომაა რესურსებზე, სერვისებზე, ინფორმაციის არ ქონა, ენობრივი ბარიერი, ყველა ეს ფაქტორი ერთობლიობაში ცხადია განაპირობებს იმას, რომ ბევრი შემთხვევა რჩება შეუტყბინებელი. ჩვენი მთავარი რეკომენდაცია, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების მიმართულებით არის ის, რომ სახელმწიფომ სპეციფიკური პრევენციული ღონისძიებები და პროგრამები განახორციელოს ან ერთი მხრივ იკვლიოს თუ რა ბარიერებია დაბალი მიმართვიანობის და შემდეგ ამის საპასუხოდ შეიმუშავოს ისეთი პროცედურები და მექანიზმები, რაც ამ ბარიერების მიღმა მყოფებს შესაძლებლობას მისცემს ისაუბრონ ძალადობრივი ფაქტების შესახებ“ - აცხადებს სახალხო დამცველის მოადგილე ეკა სხილაძე.

ხალხის აზრი


ოჯახში ძალადობა ზოგჯერ ფატალურადაც სრულდება და ამას ადასტურებს ბოლო პერიოდში ქალების მკვლელობის გაზრდილი მაჩვენებელი. თუნდაც, 6 ივლისს, სურამში მომხდარი ფემიციდის შემთხვევა, სადაც დანაშაულის ჩამდენი ამჯერადაც ქმარი იყო. რა იწვევს ოჯახში ძალადობას და რატომ მიდის მომხდარი შემთხვევა ფემიციდამდე. ამ საკითხზე ადგილობრივების მოსაზრებები განსხვავებულია.




რაშია გამოსავალი? - ექსპერტების მოსაზრებები

სახალხო დამცველის მოადგილე მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს პოლიტიკა პრევენციაზე უნდა იყოს ორიენტირებული. ეკა სხილაძე ამბობს იმასაც, რომ პრობლემა ხშირ შემთხვევაში მსხვერპლის მხრიდან დუმილი და მომხდარის შეუტყობინებლობაა, რასაც არაერთი ბარიერი ახლავს თან. კერძოდ: ქალთა ეკონომიკური დამოუკიდებლობის, საცხოვრებლით უზრუნველყოფის პრობლემა, საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები და ა.შ.

„უფრო მეტად აქცენტს გავაკეთებდი, მსხვერპლის მხარდამჭერ ღონისძიებებზე. დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახელმწიფო პოლიტიკა, მსხვერპლის გაძლიერების, მისი ეკონომიკური დამოუკიდებლობის, საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიმართულებით, არის ხშირად დამოკიდებული მუნიციპალიტეტების კეთილ ნებაზე, არის ფრაგმენტული და ყველა მუნიციპალიტეტის მაგალითზე შესაძლოა განსხვავებული პრაქტიკა გვქონდეს, რაც ვერ უზრუნველყოფს გრძელვადიან პერსპექტივაში მსხვერპლის იმგვარად დახმარებას რომ შეძლოს და დატოვოს ძალადობრივი გარემო“ - ეკა სხილაძე.




არასამთავრობო ორგანიზაციაში „ქალები საერთო მომავლისთვის“ ამბობენ, რომ ფემიციდი ქვეყანაში კვლავ დიდ გამოწვევად რჩება და ასეთი შემთხვევების გაშუქებაც მედიაში მეტი სიფრთხილით უნდა მოხდეს. გენდერული პროგრამების კოორდინატორი იდა ბახტურიძე სახელმწიფოს როლზეც საუბრობს და აცხადებს, რომ პრობლემასთან საბრძოლველად, საქართველოში ეფექტური პრევენციის პოლიტიკა უნდა დაინერგოს.

„პრევენციულ პოლიტიკას მოიცავს ასევე მსხვერპლთა დაცვის და დახმარების სერვისების შექმნა ამ ქვეყანაში ბოლოს და ბოლოს, იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს პრაქტიკულად არაფერი, რაც რეალურად გააძლიერებს, რეალურად დაეხმარება და რეალურად მისცემს შანსს, რომ მსხვერპლი არ დაბრუნდეს იმ სახლში, სადაც საფრთხე ემუქრება“ - ამბობს იდა ბახტურიძე, ა/ო „ქალები საერთო მომავლისთვის“ წარმომადგენელი.



კიდევ ერთი საკითხი რაზეც გენდერის სპეციალისტები ყურადღებას ამახვილებენ არის ის, რომ ქვეყანაში ძალადობრივი ქცევის კორექციის რეაბილიტაციის პროგრამები ხშირ შემთხვევაში მიმართულია მხოლოდ მსჯავრდებულებსა და პრობაციონერებზე და არა მოძალადეებზე. მათი შეფასებით, ამ მიდგომის შეცვლა და ქვეყანაში ეფექტური პრევენციის პოლიტიკის დანერგვა, პრობლემას შეამსუბუქებს.



რა კეთდება სახელმწიფოს და არასამთავრობო სექტორის ურთიერთთანამშრომლობით



რაც შეეხება პრევენციულ ღონისძიებებს. ქალთა საინფორმაციო ცენტრმა ჯერ კიდევ კარანტინის პერიოდში დაიწყო, ქალთა ძალადობის საწინააღმდეგოდ საინფორმაციო კამპანია. ცენტრის დირექტორის ელენე რუსკეცკაიას თქმით, კორონავირუსის პანდემიის დროს საზოგადოებაში იმატა სტრესმა და დაძაბულობამ და გარეთ გასვლის აკრძალვამ, გადაადგილების შეზღუდვამ გამოიწვია ძალადობის შემთხვევების გაზრდა 30%-ით ევროპაში. მაჩვენებელმა იმატა საქართველოშიც. კამპანია თავდაპირველად დაიწყო მარნეულსა და ბოლნისში, რადგან ეს ორი მუნიციპალიტეტი იყო პირველი შემთხვევა როდესაც ჩაიკეტა და მოსახლეობა გადავიდა თვითიზოლაციაში. საინფორმაციო კამპანიაში ჩაერთნენ ქალთა ფონდი და ადგილობრივი მუნიციპლიტეტებიც. ქვემო ქართლის შემდეგ, მასშტაბები გაიზარდა და სხვა რეგიონებიც მოიცვა, მათ შორის არის სამცხე-ჯავახეთიც. კერძოდ, საუბარია მობილურ აპლიკაციაზე.



„სხვა დროს, ძალადობის მსხვერპლს თუ შეეძლო მოძალადისგან თავის დაღწევა, გასვლა გარეთ, მეზობელთან, ახლობელთან, კარანტინის პერიოდში ის ვერ ახორციელებდა ზარს და ვერ ითხოვდა დახმარებას. გვიკავშირდებოდნენ და გვატყობინებდნენ თავიანთი პრობლემების შესახებ. სხვადასხვა ტიპის ძალადობის შემთხვევები იყო, ფსიქოლოგიური, ფიზიკური ძალადობა, ზეწოლა და ა.შ. ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ, სახელმწიფოსთან თანამშრომლობით, რომელმაც კოვიდ 19-ის დროს მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, შეგვეთავაზებინა მობილური აპლიკაცია, რომელიც შსს-ს მიერ არის გაკეთებული და უზრუნველყოფს ზარის შეტყობინებას უწყებაში, SOS ღილაკზე დაჭერით. ამ შემთხვევაში, ეს აპლიკაცია მომხმარებლებს საკუთარ მობილურ ტელეფონებში უნდა ჰქონდეთ ჩამოტვირთული და დაინსტალირებული. ჩვენი მოწოდებაა, ბევრმა ისარგებლოს ამ აპლიკაციით, რათა შევძლოთ უფრო მეტი ადამიანის დახმარება. ვთანამშრომლობთ ახალგაზრდებთან, რადგან ტექნიკურ ნაწილში ისინი საკმაოდ კარგად ერკვევიან და ისინი ასრულებდნენ ხიდის ფუნქციას ჩვენსა და დაზარალებულებს შორის“ - აცხადებს ქალთა საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ელენე რუსეცკაია.

სახელმწიფოს დახმარება იყო შემდეგნაირი. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, ინფორმაციის სწრაფად და მასშტაბურად გავრცელების მიზნით, დადგა დღის წესრიგში ის საკითხი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მომხდარიყო შეტყობინებების დაგზავნა მობილურ ტელეფონებზე, როგორც ქართულ, ასევე სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე, აღნიშნული აპლიკაციის გამოყენების შესახებ. კამპანია გულისხმობს როგორც ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ, ასევე საზღვრისპირა რეგიონებში მცხოვრები დევნილების დახმარებასაც. ამის შემდეგ გაიზარდა მომხმარებლების რაოდენობა და ამჟამად აპლიკაციით 4400-ზე მეტი მოქალაქე სარგებლობს. კამპანია არ გულისხმობს სერვისების შესახებ მხოლოდ საინფორმაციო კამპანიას. აგრეთვე მოიცავს, სამუშაო დღეებში, ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას და იურიდიულ დახმარებას. გათვალისწინებულია ასევე ართ-თერაპია იმ ბავშვებისთვის, რომლებიც ძალადობრივ გარემოში იმყოფებოდნენ.




Print