ქალის ბლოგი
მარტოხელა დედების საერთო ნატვრა
ბორჯომში მცხოვრები ირმა გოგოლაძე 8 წლის შვილთან ერთად მარტო ცხოვრობს. ნიტაზე ფეხმძიმედ იყო, როდესაც მეუღლესთან დაშორება მოუწია და მუცლადმყოფი შვილის გაჩენასა და აღზრდაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო. ბავშვი ჯერ კიდევ თვეების იყო, როდესაც ცარიელ სახლში შევიდა. ბინაში, რომელიც მაშინ ადგილობრივმა ხელისუფლებამ გადასცა, მხოლოდ კედლები დახვდა, დანარჩენი მისი გასაკეთებელი იყო. შესაძლებლობა არ ჰქონდა, თუმცა ნელ-ნელა გადაწყვიტა სახლი გაეკეთებინა და შვილზე ეზრუნა.

„ჩვენ ეს სახლი გამგეობამ გადმოგვცა და ცარიელ ბინაში შემოვედით. დამხვდა მხოლოდ კედლები ფანჯრების გარეშე, მეც არაფერი გამაჩნდა. ლილოში დავიწყე სიარული და 8 თვის ბავშვს მეზობელს ვუტოვებდი. იქიდან დაბრუნებულს ატირებული ნიტა მელოდებოდა. შემდეგ, ბავშვი საბავშვო ბაღში მივიყვანე და ისეთი გრაფიკით ვცდილობდი მემუშავა, რომ როცა ბავშვი სახლში იყო, მეც მასთან ერთად ვიყავი. ასე ნელ-ნელა ჩემი შრომით და წვალებით დავიწყე და მოვედი დღემდე, სახლიც გავაკეთე და ყველაფერიც შევიძინე. იმდენად ძლიერია ეს გრძნობა, რომ იცი მარტო ზრდი და ერთადერთი იმედი ხარ შვილისთვის, ამ დროს უფრო ძლიერდები“ - გვიყვება ირმა გოგოლაძე.




კორონავირუსის პანდემიამ, მათი ცხოვრებაც შეცვალა. ირმასთვის განსაკუთრებით რთული იყო ეს პერიოდი, რადგან დროებით უმუშევარი დარჩა და ფინანსურად გაუჭირდა. ამბობს, რომ როგორც მარტოხელა დედას, თითქმის არავინ ეხმარება. მხოლოდ ერთჯერადი დახმარება მიიღო პროდუქტის სახით. ერთადერთი, რაც პოზიტივი დაინახა კარანტინის პერიოდში, იყო ის, რომ მისი შვილი ბედნიერი იყო როცა დედა სულ სახლში ჰყავდა. ახლა, სამსახურების გახსნის შემდეგ, ირმაც თავის საქმიანობას დაუბრუნდა კაფე-რესტორანში.

„დახმარება? სულ 50 ლარია თვეში. აქედან 30 ლარი არის სასურსათო ვაუჩერი და 20 ლარი თანხა შემიძლია განვანაღდო. სულ ეს არის ჩვენი დახმარება სახელმწიფოსგან. ზოგადად, მარტოხელა დედებს ყველაზე ნაკლებად გვეხმარებიან საქართველოში და მითუმეტეს ბორჯომში. პანდემიის დროს, ძალიან გაგვიჭირდა. შვილს ვეღარ ვუსრულებდი იმ სურვილებს, რასაც მანამდე მუშაობის დროს ვახერხებდი. თუმცა, აღმოვაჩინე, რომ ნიტა იყო ბედნიერი იმით, რომ სულ მის გვერდით ვიყავი და ფაქტობრივად ავუნაზღაურე წლების ის დანაკლისი, როცა მასთან ერთად ხშირად ვერ ვატარებდი დროს სამსახურის გამო. მინდა მივმართო მარტოხელა დედებს: არ დაყარონ ფარხმალი, არცერთ პატარას არ სიამოვნებს დედიკოს უხასიათოდ ყოფნა“ - ამბობს ირმა.

ჩვენს კითხვაზე: რას ნატრობს ყველაზე მეტად? ირმა გვპასუხობს:
„ერთადერთს რასაც ვნატრობ, ჩემი შვილი ნიტა იყოს ჯანმრთელი. მინდა შესაძლებლობა მქონდეს, რომ ვასწავლო და არაფერი მოვაკლო“




„შვილის კარგად ყოფნა“ არის უმთავრესი ნატვრა იმ მარტოხელა დედისთვისაც, რომელმაც ვინაობის იდენტიფიცირება არ ისურვა. სურვილები საერთო აქვთ, თუმცა ისტორია ირმასგან განსხვავებული აქვს პირობითად ელენეს. მას ასევე სურს, რომ სწავლის შესაძლებლობა მიეცეს. ამბობს, რომ ოჯახი არასრულწლოვანმა შექმნა. მაშინ არ იცოდა რა უნდოდა, ახლა კი წლებთან ერთად, მიხვდა რომ შვილის სარჩენად პროფესია სჭირდება. ელენეს უნდა რომ თბილისში ისწავლოს, შემდეგ დასაქმდეს და ბავშვი ფინანსურად უზრუნველყოფილი ჰყავდეს.

„პირველ რიგში, ჩემი შვილის კარგად ყოფნა მინდა. მსურს, უზრუნველი ცხოვრება შევუქმნა. ამისთვის, მე მინდა რომ ვისწავლო თბილისში და ისეთ სამსახურში დავსაქმდე, რომ ბავშვს არაფერი მოვაკლო. ამ პანდემიის დროს ისედაც რთულ ვითარებაში აღმოვჩნდით მე და ჩემი შვილი“ - ელენე.

ელენე პანდემიის დროს უმუშევარი დარჩა, თუმცა არც ახლა იცის შეძლებს თუ არა სამსახურში გასვლას, რადგან დამსაქმებელი მუშაობის გაგრძელებაზე არ დაკავშირებია. პასუხისმგებლობა კი რასაც შვილის დამოუკიდებლად აღზრდა ჰქვია, უმუშევრად დარჩენის დროს გაუორმაგდა.




„არანაირი დახმარება არ მაქვს, არც ალიმენტი და არც არაფერი. ერთადერთხელ საკვებით დამეხმარა ადგილობრივი ხელისუფლება და ეგ იყო. დავრჩით ასე ბედის ანაბარად მე და ჩემი მცირეწლოვანი შვილი. სამსახური მქონდა და მაგით ვარჩენდი ბავშვს. ვმუშაობდი იმიტომ, რომ შვილი გამომეკვება, ახლა ვისი შემყურე უნდა გავხდე? არც კი ვიცი, გავაგრძელებ თუ არა მუშაობას, ჯერ-ჯერობით არავინ შემხმიანებია. ერთი დადებითი ის არის, რომ ახლა ჩემ შვილთან უფრო მეტ დროს ვატარებ, ვერთობით და მიუხედავად ამ მდგომარეობისა, ვცდილობ მას არაფერი ვაგრძნობინო და კარგი გარემო შევუქმნა. მაგრამ ასეთ ვითარებაში, ჩემთვის ძალიან რთულია შვილის მარტო აღზრდა“ - გვიყვება ელენე.

ჩვენი შემდეგი გმირი 30 წლის მონიკა ხოჭავაა, ისიც განსხვავებული ისტორიით. ოთხი წლის გათხოვილი იყო , როცა მეუღლე დაეღუპა და დაქვრივდა. მას შემდეგ, შვილების აღზრდის პასუხისმგებლობა საკუთარ მხრებზე იტვირთა და უკვე 7 წელია ასე ცხოვრობს. ამბობს იმასაც, რომ ბავშვების გაზრდაში საკუთარი და ქმრის ოჯახიც ეხმარება, თუმცა ის პასუხისმგებლობა რომ შვილებისთვის დედაც არის და „მამაც“, ფიქრობს რომ საკმაოდ რთულია.

„მე იმ კატეგორიას ვეკუთვნი, ვინც თვლის რომ ქალს წამყვანი როლი უკავია ოჯახში. დედობით კიდევ უფრო ამტკიცებენ იმას, რომ ქალს ერთდროულად ბევრი რამის აღება შეუძლია საკუთარ თავზე. მარტოხელა დედებს კი კიდევ უფრო მეტის... იმიტომ, რომ ისინი ითავსებენ დედის და მამის როლს და უფრო მეტად არიან გადართული შვილების კეთილდღეობაზე. ეს იმიტომ, რომ მათი შვილები როცა ქუჩაში ხედავენ თავიანთ თანატოლებს ორივე მშობლის გვერდით, ამას განიცდიან! მე ჩემი შვილების თვალებში ბევრჯერ შემიმჩნევია ის ტკივილი, როცა მამა დაეღუპათ. ამის დანახვა უფრო მტკივნეულია ჩემთვის, ვიდრე ის რომ მარტო დავრჩი! ამიტომ, რასაც ვაკეთებ, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი შვილების თვალებში მსგავსი ტკივილი აღარ ამოვიკითხო... მარტოხელა დედობა ძნელი იმიტომ არის, რომ შენ ფსიქოლოგიურად მუშაობ შვილებზე და ფიზიკურად შვილებისთვის... ამ ყველაფრის შემდეგ კი ვალდებული ხარ ემოციური დაღლილობა და სისუსტე ბავშვებთან არ შეიმჩნიო“ - გვიყვება მონიკა ხოჭავა.




მონიკა ამბობს, რომ მათი ურთიერთობა არამხოლოდ დედა-შვილობით შემოიფარგლება, არამედ მეგობრები და თანატოლები არიან. შვილებთან საერთო ენის გამონახვას მუდმივად ცდილობს.

„ქეთი 10 წლისაა, საბა 9 წლის“, მათ ახლა ეწყებათ რთული ასაკი. იცით რა რთულია ამ დროს თან აკონტროლებდე და თან გვერდში ედგე? მაქსიმალურ ყურადღებას ვიჩენ, რომ არაფერი დამიმალონ და არაფერი გამომრჩეს. დედა-შვილობაზე მეტად თანატოლები ვართ და არ გვიჭირს ურთიერთობა“ - მონიკა.

დედა-შვილების ურთიერთობა კორონავირუსის პანდემიამ უფრო გაამარტივა. მონიკას, რომელიც მუშაობდა, დროებით ისიც სამსახურის გარეშე დარჩა და შედარებით მეტი დრო გამოუჩნდა შვილებთან ურთიერთობისთვის. ამ პერიოდში უფრო მეტად გაიხსნენ ერთმანეთთან და აღმოჩნდა, რომ დედამ ბევრად მეტი ახალი ინფორმაცია შეიტყო შვილების შესახებ. მიხვდა, რომ ბავშვები საკმაოდ გარზდილან და გემოვნებაც შესცვლიათ.

„ხილი, კერძები, ფერები, მუსიკა, ჩაცმის სტილი და რა ვიცი, რომელი ერთი ჩამოვთვალო. მე რაც მანამდე ვიცოდი, რომ მოსწონდათ, თურმე ის წარსულს ჩაბარდა, გემოვნება შეეცვალათ და ახლა სულ სხვა რამ მოსწონთ... ასაკთან ერთად, უფრო იზრდებიან და იხვეწებიან ბავშვები. აღმოვაჩინე, რომ ქეთი უკვე ჩამოყალიბებული გოგოა, დიდი ქალივით აზროვნებს, რაც მართლა არ ვიცოდი. ისევ ბავშვივით ვუყურებდი და ახლა დავრწმუნდი, რომ როგორც თანატოლს ისე უნდა ვესაუბრო და ავუხსნა ყველაფერი. ეს ყველაფერი პანდემიის დროს აღმოვაჩინე, ერთმანეთთან უფრო გავიხსენით და ჩემი შვილები უფრო ახლოს გავიცანი. ხანდახან მგონია, რომ მეც მათთან ერთად ვიზრდები და იმის ნაცვლად რომ ასაკი მემატება, მგონია, რომ დაახლოებით 6 წელიწადში, მე და ჩემი გოგო თინეიჯერები ვიქნებით“ - გვიყვება მარტოხელა დედა.




კარანტინის და შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, მონიკას კაფემაც განაახლა მუშაობა და ისიც ძველებურად დაუბრუნდა სამსახურს. შვილების აღზრდაში ისევ ოჯახი ეხმარება. მარტოხელა დედის ნატვრა, ისევე როგორც წინა ორის შემთხვევაში, შვილების ბედნიერება და კეთილდღეობაა. მონიკას სურს, რომ მამის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი და დანაკლისი, შვილებს თავად შეუვსოს.

მონიკას, ირმას და „ელენეს“ მსგავსად ბევრია მარტოხელა დედა განსხვავებული ისტორიებით და საერთო სურვილებით. ბორჯომის მერიაში გვეუბნებიან, რომ მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ამ სტატუსით 73 მარტოხელა დედაა. ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ დარეგისტრირებული მარტოხელა დედებისთვის ხელისუფლების მხრიდან ფულადი დახმარებაა განკუთვნილი საახალწლოდ და სააღდგომოდ. სადღესასწაულოდ მათ 100 ლარი ერიცხებათ. ეს არის მარტოხელა დედებისთვის განკუთვნილი პროგრამა, ხოლო თუ ისინი ასევე არიან სოციალურად დაუცველები, აგრეთვე ხვდებიან სოციალურად დაუცველთა პროგრამაშიც - განმარტავენ ბორჯომის მუნიციპალიტეტში.

მათივე ინფორმაციით, პანდემიის პერიოდში პროდუქტის სახით დახმარება გაეწია იმ ოჯახებს, რომლებიც ცხელი ხაზის საშუალებით უკავშირდებოდნენ მათ. სურსათი არ გაცემულა კონკრეტული კატეგორიების მიხედვით და შესაბამისად, მათთვის უცნობია თუ რამდენი ბენეფიციარი იყო პროდუქტის მიმღები მარტოხელა დედა.

რაც შეეხება სტატისტიკას ქვეყნის მასშტაბით. 2015 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის პირველი ნახევრის მონაცემით, მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენის თაობაზე წარდგენილმა განცხადებების რაოდენობამ შეადგინა – 3732. ამჟამად კი, ქვეყანაში მარტოხელა მშობლის სტატუსით – 3628 პირი სარგებლობს.




ქალთა საინფორმაციო ცენტრის დირექტორის ელენე რუსეცკის განცხადებით, 2017 წლიდან მარტოხელა მშობლებს ეხმარებიან მუნიციპალიტეტები და უწევენ ფინანსურ დახმარებას, თუმცა მისი შეფასებით ეს დახმარება მინიმალურია. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ პრობლემა კომპლექსური და რთულია, დაწყებული საზოგადოების დისკრიმინაციული დამოკიდებულებიდან, დამთავრებული სახელმწიფოს მხრიდან სათანადო მხარდაჭერისა და ზრუნვის არარსებობით.

„მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირებზე, როგორც ცალკე აღებულ კატეგორიაზე, სოციალური დახმარება არ ვრცელდება, მაგრამ არსებობს სხვა შეღავათი, რასაც საქართველოს საგადასახადო კოდექსი ითვალისწინებს. კერძოდ, საშემოსავლო გადასახადით შემოსავლის 20%-ით არ იბეგრება „მარტოხელა დედა“, რომლის წლიური შემოსავალი არ აღემატება 3000 ლარს. სტატუსის ქვეშ მყოფი მარტოხელა მშობლების რეალობა, დღესდღეობით საკმაოდ რთულია“ - განაცხადა ცენტრის დირექტორმა ელენე რუსეცკიმ.

არასამთავრობო სექტორში მიიჩნევენ, რომ დღევანდელი მდგომარეობა ცალსახად მიუთითებს, იმაზე რომ შესაცვლელია მათდამი სოციალური პოლიტიკა, მათ შორის მეტი ფინანსების დახარჯვის სახით.

„საჭიროა გაფართოვდეს პირთა წრეც, ვისთვისაც ხელმისაწვდომი იქნება მარტოხელა მშობლის სტატუსის მიღება და მშობლების საჭიროებების შესაბამისად, განისაზღვროს სხვადასხვა სოციალური და სამართლებრივი გარანტიები. კანონი უნდა ვრცელდებოდეს ქვრივებზეც, რომლებიც მარტო ზრდიან შვილებს და მარტოხელა მშობლებზე, რომლებიც დოკუმენტურად ქორწინებაში იმყოფებიან, თუმცა რეალურად არანაირ პასუხისმგებლობას არ იღებენ შვილების მიმართ“ - ელენე რუსეცკი.

არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ კორონავირუსთან ბრძოლის პერიოდში მარტოხელა მშობლების მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, რაც გამოწვეული იყო სამუშაოს დაკარგვით, სერვისებზე წვდომის შეზღუდვით და ა.შ.

ცენტრის შეფასებით, იმ შემთხვევაში თუ არ მოხდა სოციალური პოლიტიკის შეცვლა და სახელმწიფოს მხრიდან ამ კატეგორიისთვის მეტი ფინანსების გაღება, სამომავლოდაც ეს მოწყვლადი ჯგუფი სავარაუდოდ კვლავ ჩრდილ ქვეშ დარჩება, ხოლო მარტოხელა დედების ნატვრა და სურვილები, რაც მეტწილად შვილების კეთილდღეობას ეხება, შესაძლოა რთულად მიღწევადი გახდეს!






Print