ქალის ბლოგი
მაკა, როზა და სხვები - ქალები ბიზნესში, COVID-19-ის პირისპირ



მაკა ნოზაძე - რესტორნის მფლობელი


მაკა ნოზაძე,  ბორჯომში, კვების ობიექტს წლების განმავლობაში მართავს. მისი ყოველი დილა ერეკლეს ქუჩაზე არსებულ რესტორანში მისვლით იწყება. ეს არის ბორჯომში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და ხალხმრავალი ადგილი. ადგილი სადაც მაკა, ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე დიდ დროს ატარებს. სადაც ინტერიერის დიდი ნაწილი საკუთარი ხელით აქვს გაკეთებული. ეს ადგილი ახლა ცარიელია. კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად, მთავრობის და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის გათვალისწინებით, რესტორნის დახურვა მოუხდა. მაკა ახლა დაცარიელებულ და დადუმებულ რესტორანში დადის.




მაკასთვის ცარიელ რესტორანში მისვლა რთულია, მაგრამ კიდევ უფრო რთულია ის, რომ ერთადერთი შემოსავლის გარეშე დარჩა თვითონ და მისი დიდი ოჯახი. ფაქტობრივად მთელი სანათესაო.

„გარდა დაქირავებული თანამშრომლებისა, აქ ვიყავით დასაქმებული მთელი ჩვენი დიდი ოჯახი, ჩემი მეუღლე, დედმამიშვილები თავისი ოჯახებით, შვილები, ჩვენს უკან კიდე ჩვენი მშობლებია, რომლებსაც ვარჩენთ. ჩვენნაირი ხალხი, ვისაც ეს შეეხო დავზარალდით 100 %“ - ამბობს მაკა და არ იცის რა იქნება მომავალში.





მაკა ამბობს, რომ მისი და მის ბიზნესზე დამოკიდებული ადამიანების პრობლემები თანდათან იზრდება და მასთან გამკლავება შეუძლებელი ხდება.

„წამლის შესაძენი ფული გვჭირდება, ისეთი ხალხი როგორიც ჩვენ ვართ, მცირე და საშუალო ბიზნესი, ახლა ყველაზე რთულ დღეში ვართ. ასე უკვე შეუძლებელია თავის გადარჩენა“



როზა ჩაჩანიძე -საოჯახო სასტუმროს მეპატრონე.


„ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები, ამ საქმეს მივუძღვენი, მსიამოვნებდა, რომ ყოველწლიურად წინ მივიწევდი და იზრდებოდა ჩემი ბიზნესი, ფაქტობრივად ახლა ჩემი საკუთარი, პატარა იმპერია მაქვს, სამწუხაროდ უმოქმედო და გაჩერებული“ - გვიყვება როზა ჩაჩანიძე.

ბიზნესი მარტომ დაიწყო, საკმაოდ პატარა ასაკში. ბორჯომის მუნიციპალიტეტში, საკურორტო სოფელ ცემში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, პატარა, 4 ნომრიანი საოჯახო სასტუმრო გახსნა. ახლა უკვე 32 კომფორტული ნომერი, მუდმივად მზარდი და კმაყოფილი დამსვენებელი ჰყავს.

„გაზაფხულზე, ამ დროს, ჩვენი სოფელი აქტუალურია, ძირითადად ოჯახებით ჩამოდიან და ბავშვები ჩამოჰყავთ, სასტუმროში ადგილი არ მქონდა, ნომრების უკმარისობა იყო. მაისში 100% ჯავშნები მქონდა, ახლა ყველა ვრჩებით სახლში. გასულ წელს ამ დროს, სასტუმროს ეზო სავსე იყო ბავშვებით, ახლა კი სრული სიცარიელე და რაც ყველაზე ცუდია უიმედობა და გაურკვევლობაა“






სასტუმროში მთელი ოჯახი და კიდევ 10 ადამიანი ჰყავდა დასაქმებული, ახლა ყველა ერთად ელოდება სიახლეებს და პანდემიის დასრულებას.

„ძალიან გულდასაწყვეტია, რომ წარსულში ვსაუბრობ ამ ყველაფერზე, ასე მგონია სადღაც დროსა და სივრცეში დავიკარგე, მცნება ტურიზმი ფაქტობრივად მსოფლიოში აღარ არსებობს


ამბობს რომ უამრავი გამოწვევის წინაშე დამდგარა და ყველაფერი დაუძლევია, მათ შორის ომი, ტყის ხანძრები ბორჯომში, რომელმაც პირდაპირი, ნეგატიური გავლენა იქონია მის ბიზნესზე.ახლა კი კორონავირუსის პანდემია, მისი ბიზნესის ახალ და ყველაზე რთულ გამოწვევად იქცა, რომელთან გამკლავებაც მარტო უბრალოდ არ შეუძლია და მის შესაძლებლობებს აღემატება.




მაკას და როზას მსგავსად უამრავი პრობლემის პირისპირ აღმოჩნდა ბორჯომში ტურიზმის სექტორში დასაქმებული ასობით ქალი. ქალების უმეტესობა ბორჯომის მუნიციპალიტეტში, როგორც ქალაქში, ისე საკურორტო სოფლებში ან თვითონ ფლობს საოჯახო სასტუმროს, კვების ობიექტს და პატარა მაღაზიას, ან დასაქმებულია ამ სექტორში და შემოსავლის მთავარი და ხშირ შემთხვევაში ერთადერთი წყაროა.


ტურიზმის გახსნის ანტიკრიზისული გეგმა


საქართველოს მთავრობამ საზოგადოებას 7 მაისს ტურიზმის ინდუსტრიის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმა წარუდგინა. გეგმა 15 ივნისიდან, ქვეყანაში შიდა ტურიზმის გახსნას გულისხმობს, მთავრობა იმედოვნებს, რომ პირველი ივლისიდან საქართველო საერთაშორისო მოგზაურებსაც მიიღებს.

გეგმის წარდგენისას, პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ COVID-19-სგან უსაფრთხო ზონებიც დაასახელა. ამ ზონებს შორის მოიაზრება ბორჯომიც.

ეს იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა ბორჯომმა ტურისტების ნაკადი ისევ მიიღოს, მაგრამ ჯერ იქამდე ერთი თვეა. წინ მოსამზადებელი პერიოდია. რა ხარჯებთან იქნება დაკავშირებული იმ რეგულაციების და სტანდარტების დაცვა, რასაც სახელმწიფო ტურიზმის ბიზნესში ჩართულ ბიზნესს, ამოქმედების შემთხვევაში დაუწესებს ჯერ უცნობია. ერთადერთი, რაც ამ ბიზნესში ჩართულმა ქალებმა ზუსტად იციან, გაჩერების დრო არ არის. უნდა იმოქმედონ, მათ უკან ოჯახებია.






Print