ტურიზმი
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში რკინის ჯვრის ბილიკი განახლდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტომ, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამის ხელშეწყობით, რკინის ჯვრის 40 კილომეტრიანი ბილიკის მარკირება და კეთილმოწყობა განახორციელა: ბილიკზე მოეწყო ტურისტული ინფრასტრუქტურა, განთავსდა ნიშნულები, ხოლო მწყემსების ბინებთან ტურისტებისთვის ორი თავშესაფარი მოეწყო.

რკინის ჯვრის მთა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი წერტილია და მრავალ ტურისტს იზიდავს. განახლებული მარშრუტის მეშვეობით, ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ უფრო მარტივად იმოგზაურონ ულამაზეს წრიულ ბილიკზე და აღმოაჩინონ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის უნიკალური ბუნება. აღსანიშნავია, რომ ღამისთევა შესაძლებელია ახლადმოწყობილ თავშესაფარში, სადაც ვიზიტორებს მასპინძლობას ადგილობრივი მაცხოვრებლები და მწყემსები გაუწევენ. ახალ მარშრუტზე მოგზაურობისას, ბუნების ულამაზესი ხედების მონახულების გარდა, ვიზიტორს საშუალება ექნება გაეცნოს ადგილობრივ ტრადიციებს.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი ერთ-ერთი პოპულარული მიმართულებაა ვიზიტორებისთვის. დაცული ტერიტორიების სააგენტო მუდმივად ზრუნავს, რომ განაახლოს ეკოტურისტული სერვისები და პარკში მოგზაურობა კიდევ უფრო საინტერესო გახადოს. სააგენტო უწყვეტად განაგრძობს ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას და ამ კუთხით არაერთ საერთაშორისო დონორ ორგანიზაციასთან თანამშრომლობს.





Print