ახალი ამბები
ჩინეთის მოქალაქეებით დასახლებულ ადგილებში ჯანდაცვის სპეციალისტების ვიზიტები იწყება
დღეიდან საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტების ვიზიტი იწყება იმ ადგილებში, სადაც ინტენსიურია ჩინეთის მოქალაქეების განსახლება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა. ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ამასთან, მისი თქმით, ჯერჯერობით, კორონავირუსის საეჭვო სიმპტომებიანი არც ერთი ადამიანი არ დაფიქსირებულა.

„რამდენიმე დღეა საქართველოში მიმდინარეობს პრევენციული ღონისძიებები, რომ პროფილაქტიკა გავაკეთოთ, პირველ რიგში, ინფექციის შემოტანის, რადგან ჩინეთთან გვაქვს ინტენსიური მიმოსვლა. თუ გამოჩნდა საეჭვო შემთხვევა, სწრაფად მოხდეს მისი ევაკუირება ოთხიდან ერთ-ერთ ინფექციურ საავადმყოფოში, რომელიც მდებარეობს თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდში. მაქვს ინფორმაცია, რომ გუშინ საზღვარზე შემოვიდა, ჩინეთის დაახლოებით, 144 მოქალაქე სხვადასხვა რეისებით და საქართველოდან გავიდა, დაახლოებით, 110 ადამიანი. ჯერჯერობით, რა თქმა უნდა, არც ერთი საეჭვო სიმპტომებიანი ადამიანი არ დაფიქსირებულა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, ქვეყანა ახორციელებს რამდენიმე მნიშვნელოვან ღონისძიებას.

„პირველი ღონისძიება ეს არის დიდი საინფორმაციო კამპანია, ანუ ჩინეთიდან შემოსულ ყველა ადამიანს, იქნება ეს პირდაპირი თუ არაპირდაპირი რეისებით, მათ ურიგდებათ შესაბამისი გზავნილები სამ ენაზე - ქართულად, ინგლისურად და ჩინურად. თუ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ისინი იმყოფებოდნენ ჩინეთში და გამოუჩნდებათ ისეთი სიმპტომები, როგორიც არის ტემპერატურა, ხველა, თავის ტკივილი და სუნთქვის გაძნელებამ მათ აუცილებლად ან უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე, ან პირდაპირ უნდა მიმართონ ექიმს. ექიმი ამ სიმპტომების მიხედვით გადაწყვეტს, მისი გადაყვანა საჭიროა თუ არა ინფექციურ საავადმყოფოში. ყველა ადამიანს ასევე აეროპორტში ესინჯება ტემპერატურა და ტემპერატურა თუ არის 38 გრადუსი და მეტი, მაშინ ამ ადამიანზე ივსება შესაბამისი ფორმა, არის ფორმა ნომერი 9, რომელსაც აკეთებს შემოსავლების სამსახურის საბაჟო ეპიდემიოლოგი და შემდეგ ამ ავადმყოფს გასაუბრებას უტარებს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ექიმი. თუ საეჭვო სიმპტომები იკვეთება, მაშინ ამ ადამიანის ევაკუირება ხდება ინფექციურ საავადმყოფოში.

დღეიდან იწყება საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტების ვიზიტი დიდი ჩასახლების ადგილებში, სადაც ინტენსიურია ჩინეთის მოქალაქეების განსახლება. დღეს ქუთაისის დაავადებათა ცენტრის ეპიდემიოლოგები გადიან ხარაგაულის რაიონში ერთ-ერთ ასეთი დასახლების ადგილას. იქ მათ დაურიგდებათ საინფორმაციო ბუკლეტები, ჩაუტარდებათ გასაუბრება.“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
Print