ახალი ამბები
საქართველოში წითელას შემთხვევების ზრდა დაფიქსირდა, წელს უკვე 102 შემთხვევაა აღრიცხული
2017 წლიდან საქართველოში წითელას შემთხვევების ზრდა დაფიქსირდა - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციაშია ნათქვამი. მათი ცნობით, 2018 წელს 29 იანვრის მდგომარეობით, ქვეყანაში უკვე აღირიცხა წითელას 102 შემთხვევა, მათ შორის აჭარაში - 86.

"შემთხვევათა 34% მოდის 20 წლის ზევით ასაკობრივ ჯგუფში, მაღალია ასევე 1 წლამდე ასაკობრივი ჯგუფის წილი 19,5%, რომელშიც ასევე ყველაზე მაღალია ავადობის მაჩვენებელი, 100000 მოსახლეზე - 58.5, რაც თანდაყოლილი იმუნიტეტის დეფიციტზე მიუთითებს. აუცრელი ბავშვები, განსაკუთრებით ჩვილები, წარმოადგენენ მაღალი რისკის ჯგუფს წითელათი დაავადების, მისი გართულებების და გარდაცვალების მხრივ. ასევე დაავადების განვითარების მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან არავაქცინირებული ორსული ქალები. დაავადების შემდგომი გავრცელების შეზღუდვის მიზნით წითელას ყველა შემთხვევის ირგვლივ ტარდება პრევენციული და კონტროლის ღონისძიებები ეპიდზედამხედველობის ლაბორატორიული დიაგნოსტირების ჩათვლით და იმუნიზაციის მიმართულებით: ბავშვთა გეგმური იმუნიზაციით მოცვის გაუმჯობესება და დროული ვაქცინაციის უზრუნველყოფა; წითელაზე საეჭვო შემთხვევებთან კონტაქტირებულთა ვაქცინაცია; 20 - 40 წლის არაიმუნური მოსახლეობის ვაქცინაცია; 40 წლამდე ყველა სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლების/თანამშრომლების იმუნიზაცია; წითელა სიცოცხლისათვის საშიში დაავადებაა" - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ.

Print