ახალი ამბები
სამცხე-ჯავახეთში "საქმიანი ეზოს" მოწყობა სრულდება
„საქმიანი ეზოს“ მოწყობის სამუშაოები სრულდება სამცხე-ჯავახეთის რეგიონში. ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა არჩილ ნიკოლეიშვილმა, „საქმიანი ეზო“ ადიგენის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩორჩანში გახსნა. სამუშაოები თითქმის დასრულებულია ასპინძაში, წაღვერში, ბორჯომსა და ბაკურიანში. სოციალური ჭრები ეტაპობრივად გაუქმდება, სააგენტო ორგანიზებულად განახორციელებს ხე-ტყის დამზადებას, დახარისხებასა და დასაწყობებას ე.წ. „საქმიან ეზოებში“, მოსახლეობას და კერძო სექტორს კი ხე-ტყის შეძენა და ტრანსპორტირება მათთვის სასურველ პერიოდში შეეძლებათ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, „საქმიანი ეზო“ საქართველოს ყველა რეგიონში მოეწყობა, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, ტყის ახალი კოდექსისა, რომელიც საქართველოს პარლამენტმა უკვე დაამტკიცა.

„საქმიანი ეზოს“ მოწყობისთვის სამუშაოები უკვე დასრულებულია 13 ობიექტზე. წლის ბოლომდე, ქვეყნის მასშტაბით, სულ 26 „საქმიანი ეზო“ მოეწყობა. შედეგად, მერქნული რესურსის დამზადების მიზნით, ტყითსარგებლობა განხორციელდება გაცილებით ეფექტიანად, შემცირდება უკანონო ჭრები და ტყეზე უარყოფითი გავლენა.

Print