კვირიკეწმინდის ტაძართან დაკავშირებით კულტურის სამინისტროს განცხადებას ავრცელებს
კულტურის სამინისტროს განცხადება ბორჯომის მუნიციპალიტეტში მდებარე კვირიკეწმინდის ტაძართან დაკავშირებით:
,,სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ისტორიული ძეგლის, კვირიკეწმინდის ტაძრისა და მისი, მე-10 საუკუნით დათარიღებული კედლის მხატვრობის ხანძრის შედეგად სრულად გაანადგურების შესახებ.
სინამდვილეში, მოცემული ძეგლი ხანძრის შედეგად არ დაზიანებულა, რაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მისი სისტემის თანამშრომლების დამსახურებაა. შესაბამისად, აღნიშნული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის ყალბი და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

საზოგადოებისთვის კი განვმარტავთ, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ადგილზე იმყოფება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი, რომელიც ადგილზე სწავლობს ვითარებას და ახორციელებს მონიტორინგს. ძეგლის შიგნით და მის გარშემო არ შეცვლილა ხანძრამდე არსებული მდგომარეობა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე არ არის ცეცხლის კერები; დროდადრო აღინიშნება მხოლოდ დაკვამლიანება.

გვსურს, მოვუწოდოთ მედიასაშუალებებს თავი შეიკავონ მცდარი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან. ბორჯომის ხეობაში სახელმწიფო უწყებები ატარებენ ყველა შესაბამის ღონისძიებას, რათა მინიმუმამდე შემცირდეს სტიქიით მიყენებული ზიანი და თავიდან იქნეს აცილებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების თუ სტრატეგიული ობიექტების დაზიანება.'' 

ტელეკომპანია ,,ბორჯომი'' ამ თემასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ დაუკავშირდა დვირის თემის რწმუნებულს. გურამ მაისურაძემ კიდევ ერთხელ გვითხრა, რომ ხანძარს კვირიკეწმინდის ეკლესია არ დაუზიანებია.


ამავე თემაზე შეგიძლიათ იხილოთ ტელეკომპანია ,,ბორჯომის'' მიერ მომსაზდებული მასალა: "კვირიკეწმინდას (კვირიკეთი) ეკლესიამდე ცეცხლს არ მიუღწევია" - თემის რწმუნებული
Print