"რთულად მისადგომ რელიეფზე გაიშალა სახანძრო მაგისტრალები" - საგანგებო
ბორჯომის ხეობაში, ხანძრის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. შსს-ს ინფორმაციით, ხანძრის ქრობის პროცესში დილიდან ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები და თურქეთის რესპუბლიკის სამი სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავი.

უწყების ცნობით, რთულად მისადგომ რელიეფზე, რამდენიმე კილომეტრის მანძილზე გაიშალა სახანძრო მაგისტრალები, რისი საშუალებითაც ცეცხლის კერები მუშავდება. დამონტაჟდა დამატებითი წყალსაქაჩი ტუმბოები.

სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოებში, მეხანძრე-მაშველებთან ერთად, აქტიურად მონაწილეობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის, თავდაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები.

შსს-ს ინფორმაციით, ხორციელდება ყველა შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო საპრევენციო ღონისძიება, რათა ცეცხლი არ გავრცელდეს დასახლებულ პუნქტებსა თუ სტრატეგიულ ობიექტებზე. უწყების ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მიუხედავად რთული სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოებისა, არც ერთი მეხანძრე-მაშველი და ხანძრის ქრობაში მონაწილე უწყებების არც ერთი წარმომადგენელი არ დაშავებულა.

Print