თავდაცვის ძალები ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მესამე დღეა მონაწილეობს
საქართველოს თავდაცვის ძალები სტიქიის ზონაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში უკვე მესამე დღეა აქტიურად მონაწილეობს. სამხედრო მოსამსახურეები სტიქიის ზონის აღმოსავლეთით - სოფელ დვირის მიმართულებაზე არიან განაწილებული და ამოცანისა და რელიეფის სირთულის მიუხედავად ამ ეტაპზე წარმატებით უმკლავდებიან დავალებებს.

ცეცხლის ქრობის პროცესში ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობისა და აღმოსავლეთის სარდლობის I ბრიგადისა და საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის სწრაფი რეაგირების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ასეულის პირადი შემადგენლობა მონაწილეობს.

სამხედროები სპეციალური ტექნიკის - მუხლუხებიანი ყველგან მავალი სახანძრო-სამაშველო ტექნიკის MTLB, წყალმზიდებისა და მაღალი გამავლობის სახანძრო ავტომანქანების საშუალებით ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ.

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ბუნებრივი კატასტროფის თავიდან აცილების მიზნით და ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებების ეფექტიანად განსახორციელებლად პროცესში თავდაცვის ძალები საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით ჩაერთვნენ.


Print