ვერტმფრენი და 100 მეხანძრეა ჩართული ქვაბისხევის მიმდებარედ ტყის ხანძრის ქრობის პროცესში
უკვე მესამე დღეა, ბორჯომში, ქვაბისხევი-ზორეთის მიმდებარედ ტყეში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი დაახლოებით 2-3 ჰექტარ ფართობზეა გავრცელებული. რთული რელიეფის გამო, დღეიდან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც ჩაერთო ხანძრის ქრობის პროცესში.



საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სახანძრო-სამაშველო ძალების პირველი მორეაგირე ჯგუფები ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბისხევის მიმდებარე ტყეში დაკვამლიანების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე გავიდნენ და ხანძრის ქრობის აქტიური სამუშაოები დაიწყეს.




რთული კლდოვანი რელიეფის გამო ვერ ხერხდებოდა ცეცხლის კერებამდე სახანძრო-სამაშველო ტექნიკის მიყვანა და მეხანძრე-მაშველებს მუშაობა ინდივიდუალური აღჭურვილობის საშუალებით უწევდათ. გარდა ამისა, სიტუაციას ართულებდა ძლიერი ქარიც. ხანძრის გავრცელების რისკის გათვალისწინებით, ქრობის პროცესში თბილისიდან დამატებითი ჯგუფების გაგზავნის გადაწყვეტილება იქნა მიღებული.



მეხანძრე-მაშველებმა მდინარე მტკვარზე წყლის ტუმბოები დაამონტაჟეს და დაახლოებით ერთი კილომეტრის მანძილზე წყლის მაგისტრალები გაიშალა, რამაც მნიშვნელოვნად დააჩქარა ხანძრის ლოკალიზება.



ხანძრის ქრობის პროცესში დღეს დილიდან ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, სალოკალიზაციო სამუშაოებში სულ მონაწილეობს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 100 მეხანძრე-მაშველი.



Print