საქართველოში რესტორნები, კაფეები და კლუბები ღამის 12 საათამდე იმუშავებენ.
საქართველოში "კომენდანტის საათის" გაუქმების შემდეგ, რესტორნები, კაფეები და კლუბები ღამის 12 საათამდე იმუშავებენ.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, კორონავირუსის ეპიდემიის გამო, ღამის 11-დან დილის 4 საათამდე მოქმედი "კომენდანტის საათი" პირველ ივლისს მოიხსნება.

კორონავირუსის ეპიდემიის გამო, 2020 წლის ნოემბრის ბოლოს დახურულმა კვების ობიექტებმა 2021 წლის თებერვალში მუშაობა განაახლეს მხოლოდ ღია სივრცეებში, გარდა შაბათ-კვირისა. მარტიდან გაიხსნა დახურული სივრცეებიც, სადაც სტუმრების მიღება შესაძლებელი იყო მხოლოდ სამუშაო დღეებში. 17 მაისს, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ კაფეებსა და რესტორნებს მისცა შაბათ-კვირას სტუმრების ღია სივრცეში მასპინძლობის უფლება, 25 მაისს კი, უქმე დღეებში დახურულ სივრცეში სტუმრების მიღების აკრძალვაც გააუქმა. 1 ივნისიდან, კვების ობიექტების დახურული სივრცეები უქმე დღეებშიც მუშაობდნენ.
Print