შემთხვევა
ლილოს დასახლებაში მკვლელობა მოხდა - არსებული ინფორმაციით, მოკლულია 20 წლის გოგო
თბილისში, ლილოს დასახლების ტერიტორიაზე მკვლელობა მოხდა. მოკლულია 20 წლის გოგო.

არსებული ინფორმაციით, მკველობის მოტივი მეგობართან არსებული კონფლიქტია. გოგონას ცხედარი საკუთარი სახლის წინ, დილით, ორმოში იპოვეს.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში მოკლულის ახლობელი აცხადებს, გოგონას სავარაუდოდ, გვიან ღამით დაურეკეს, რის შემდეგაც სახლიდან გავიდა. როგორც ოჯახის ახლობელი ჰყვება, ბებიის თქმით, ქეთი ჯავახიშვილი ღამე, 01:30 საათზე ჯერ კიდევ სახლში იმყოფებოდა.

ის ბასრი საგნითაა მოკლული, თუმცა, ოჯახის ახლობლის თქმით, დადგენილი არ არის, აღნიშნული საგანი დანაა თუ არა.

არსებული ინფორმაციით, დანაშაულის ჩამდენი პირი სამართალდამცავებს უკვე იდენტიფიცირებული ჰყავთ და მის დასაკავებლად სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

„სახლის წინ სახელოსნო აქვთ, პატარა ორმოსავითაა და იქ იპოვა სახელოსნოში მომუშავემ, მერე დაუძახა მამას და იმან ამოიცნო. დაკავებული არავინ ჰყავთ, ეძებენ, ჯერ არაფერი ვიცით. იპოვიან ალბათ, ვინ დაურეკა, ვინ მიწერა. ეს გოგონა აეროპორტთან ახლოს რაღაც დაწესებულებაში მუშაობდა“, - აცხადებს ახლობელი.

შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.


გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.


წყარო: ipn
Print