ახალი ამბები
"სავარაუდოდ სათევზაოდ იყო და შეუძლოდ გახდა" - რას ჰყვებიან ჩითახევში კაცის გარდაცვალებაზე
ბორჯომში, სოფელ ჩითახევის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე მტკვარში, დღეს დილით კაცის ცხედარი ნახეს. გარდაცვლილი იქვე, მტკვრის პირას არსებული საჯომარდო ბანაკიდან შენიშნეს და შესაბამისი სამსახურები გამოიძახეს. გარდაცვლილია სოფელ ჩითახევში მცხოვრები 60 წლამდე კაცი. ადგილობრივების ინფორმაციით, ის სავარაუდოდ სათევზაოდ იმყოფებოდა, რა დროსაც შეუძლოდ გახდა და მდინარეში ჩავარდა. ადგილზე იმყოფებოდნენ გადაუდებელი დახმარების, სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები, სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები. ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

Print