საზოგადოება
რომელი კომპანია აშენებს ავტობანის მონაკვეთს, სადაც სექცია ჩამოიშალა?
13 მარტს, მეწყრული პროცესების განვითარების შედეგად, უბისა-შორაპნის მონაკვეთის მეათე კილომეტრზე გზის სექცია ჩამოიშალა.
ინფრასტრუქტურის სამინისტროში განაცხადეს რომ, ამ მონაკვეთის ჩინეთის სახელმწიფო კომპანია China Road and Bridge Corporation-ი აშენებს. 13-კილომეტრიანი გზის მშენებლობა ბიუჯეტს 901,973,206 ლარი უჯდება და ის ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული სამშენებლო მონაკვეთია. კომპანიასთან სამშენებლო კონტრაქტი 2018 წლის ნოემბერში გაფორმდა.

გზა 27 ხიდის და 28 გვირაბისგან შედგება.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებით, ამჟამად ჩამოშლილი ფერდის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს, რის შემდეგაც პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები განახლდება.

"გვსურს გამოვეხმაუროთ სოციალური ქსელით გავრცელებულ ინფორმაციას ერთ-ერთ მშენებარე ობიექტზე მეწყრული პროცესების გამო ჩამოშლილ ფერდთან დაკავშირებით. აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის უბისა-შორაპანის მონაკვეთზე მიმდინარე მშენებლობის პროცესში, მე-10 კმ-ზე არსებულ მეწყერულ ფერდზე, პროექტით გათვალისწინებულია ფერდის გამაგრების (დაანკერების) კომპლექსური სამუშაოების ჩატარება.

სამუშაოების მიმდინარეობისას, ფერდის ე.წ. დატერასება-გამაგრებამდე, ბოლო პერიოდში მოსული უხვი ნალექის შედეგად გააქტიურებულმა მეწყრულმა პროცესებმა, ჩამოშალა ფერდის ერთ-ერთი უბნის დროებით მოპირკეთებულ (ტორკრეტირებული) ზედაპირი, რამაც დააზიანა გარე ბეტონის სექცია.ამჟამად მიმდინარეობს ფერდის ჩამოწმენდის სამუშაოები, რის შემდეგაც განახლდება პროექტით დაგეგმილი სამუშაოების წარმოება.

სამშენებლო ობიექტი მიმდინარეა და ბუნებრივია, სამუშაოები დასრულებული არ არის. შესაბამისად, ანაზღაურება მშენებელ კომპანიასთან მოხდება სამუშაოების სრულად დასრულების და საზედამხედველო კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოს დადასტურებისა და მიღების შემდგომ",- აღნიშნულია განცხადებაში.

მომხდართან დაკავშირებით განმარტება გააკეთა საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსმა გიორგი წერეთელმა, მისი თქმით, აღნიშნული ფერდის გამაგრება და დატერასება სამშენებლო პროექტით იყო გათვალისწინებული.

"უხვი ნალექის შედეგად, სამწუხაროდ მოხდა ფერდის, რომელსაც უნდა ჩაუტარდეს დატერასება, გამაგრება და დამატებითი დაანკერება, სამწუხაროდ მოხდა მისი ჩამოშლა, რამაც დააზიანა ბეტონი. ეს იქნება ჩამოწმენდილი და ფერდი გასუფთავებული. სამუშაოები გაგრძელდება ჩვეულ რეჟიმში,"- აცხადებს გიორგი წერეთელი.

რიკოთის უღელტეხილზე, საერთო ჯამში დაგეგმილია 51.6 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს. რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა 4 სექციად არის დაყოფილი: ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთი (I სექცია) 11.7 კმ, ხევი-უბისას მონაკვეთი (II სექცია) 12,2 კმ, უბისა-შორაპანის მონაკვეთი (III სექცია) 13 კმ. შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი (IV სექცია) 14,7კმ.


ავტორი:შოთა ტყეშელაშვილი
წყარო: BM.GE
Print