ახალი ამბები
ტაბაწყურში ტურისტი დაიღუპა
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ყველაზე მაღალმთიან ზონაში, სოფელ ტაბაწყურში, 40 წლამდე ჩეხი ტურისტი დღეს, 5 მარტს, გარდაცვლილი ნახეს. დაკარგულ ტურისტს გუშინდელი დღიდან ეძებდნენ. სამაშველო სამუშაოებში ჩართული იყვნენ ვერტმფრენები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, MTA-ს წარმომადგენლები და ადგილობრივები როგორც ტაბაწყურიდან, ასევე ბაკურიანიდან. საჰაერო ტექნიკით დახმარება, რთული ხილვადობის გამო გართულდა.

ბაკურიანის განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით, გარდაცვლილი, მისი ჯგუფისგან დამოუკიდებლად იყო წასული მთაში. არსებული ინფორმაციით, თხილამურებზე დგომა მან კარგად იცოდა და სასრიალოდ მარტო იყო წასული. 


"ბაკურიანში, მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას, გუშინ გვიან შევიტყეთ ტურისტის დაკარგვის შესახებ. დიდველზე არსებული ვერტმფრენები გავუშვით მაშინვე, თუმცა, ცუდი ხილვადობის გამო, ვერტმფრენმა დაშვება ვერ შეძლო. სამაშველო პროცესში იყო ჩართული ყველა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, MTA-ს წარმომადგენლები. ბაკურიანიდან ადგილობრივები მაშინვე ბურანებით წავიდნენ. დღეს მოხერხდა დაკარგული ტურისტის თხილამურების და სათვალის პოვნა. გარდაცვლილი, თბილისში ექსპერტიზის ბიუროში გადაიყვანეს" - განაცხადა ტელეკომპანია "ბორჯომთან" საუბრისას ბაკურიანის განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ ეკა ორჯონიკიძემ.


შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ 124-ე მუხლით აღიძრა, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე.



Print