შემთხვევა
12 გარდაიცვალა და სამი დაშავდა - შატილის გზაზე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა
12 გარდაცვლილი და 3 მძიმედ დაშავებული - ასეთია ამ ეტაპზე შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის მძიმე შედეგი.

შსს მიერ გავრცელებული ინფორმაციით მიკროავტობუსი დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბისოს სიახლოვეს, 80 მეტრის სიმაღლიდან , კლდიდან გადავარდა. შემთხვევის შესახებ შეტყობინება ,,112- ში „ შევიდა.

,,შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ მოხდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფის მობილიზება. ადგილზე იმყოფებიან საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები და სამაშველო ტექნიკა. ადგილზე, ასევე, იმყოფებიან სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებიც.

სამაშველო სამუშაოები უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით მიმდინარეობს. სამაშველო ჯგუფები რთული რელიეფური და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, სამაშველო ოპერაციას უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ.

პირველადი ინფორმაციით, მიკროავტობუსში მყოფი 12 მოქალაქე გარდაიცვალა, 3 კი მძიმედ დაშავდა. დაშავებულები მაშველებმა უსაფრთხო ტერიტორიაზე უკვე ამოიყვანეს, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებს საავადმყოფოში გადაჰყავთ. გრძელდება ტრანსპორტში მყოფი სხვა პირების ძებნისა და ამოყვანის სამუშაოები. ამასთანავე, მიმდინარეობს მგზავრთა იდენტიფიცირება და სხვა ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები. დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო“, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Print