შემთხვევა
ხაშურში ბენზინმზიდი აფეთქებას გადაურჩა
ხაშურში ბენზინმზიდ ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადებმა იმუშავეს და ამ დროისათვის ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებს შემთხვევის ადგილზე, ერთ-ერთი ბენზინგასამართი სადგურიდან, დაახლოებით, 70 მეტრის მოშორებით, პარკინგზე, ცეცხლმოკიდებული 40-ტონიანი ბენზინმზიდი ცისტერნა დახვდათ.

"იყო ხანძრის გავრცელებისა და აფეთქების საშიშროება. ხანძრის ქრობის სამუშაოებში ჩართული იყო 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.
მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. ოპერატიულად მოხდა უსაფრთხოების ზომების მიღება, საპატრულო პოლიციამ გადაკეტა პერიმეტრი და საშიში ზონიდან დაუყოვნებლივ გაიყვანა მოსახლეობა.
მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად მოხერხდა ხანძრის დროული ლოკალიზება და შემდგომში სრული ლიკვიდირება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა" - ნათქვამია საგანგებოს ინფორმაციაში.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.


Print