ახალციხის მერია ავტოსადგომისთვის
ფართს თავის ფასზე 1.1 მილიონით უფრო ძვირად ყიდულობს ყოფილი
მაღალჩინოსნებისგან- ამის შესახებ კვლევას "საერთაშორისო
გამჭვირვალობა საქართველო" აქვეყნებს.
"ახალციხის მერია ავტობუსების სადგომისთვის 2,600,000 ლარად აპირებს
ფართის ყიდვას შპს „სილქ როუდ ენჯინიარინგისგან“, რომელიც სოფლის
მეურნეობის სამინისტროს შპს „მექანიზატორის“ ყოფილ დირექტორს, პაატა
შეყელაძესა და ამავე კომპანიის შესყიდვების ყოფილ მენეჯერს, თემურ
ცუცქირიძეს ეკუთვნით. ამ კომპანიამ, 2022 წლის მარტში, ახალციხეში, 18
030 კვ.მ. ფართობი ზედ განთავსებული შენობებით, შპს ,,მექანიზატორის"
შვილობილი კომპანიისგან, აუქციონზე უკონკურენტოდ, 1,471,000 ლარად
იყიდა. წელიწადნახევრის შემდეგ, შპს „მექანიზატორის“ ყოფილი
თანამდებობის პირები, ამ ფართის გაყიდვით 1,129,000 ლარს
მოიგებენ.
პაატა შეყელაძე, 2015-2019 წლებში, ჯერ შპს „მექანიზატორის“[1],
შემდეგ კი მისი 100%-იანი წილის მფლობელის, სახელმწიფოს მიერ
დაფუძნებული ააიპ „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს“
დირექტორი იყო. თემურ ცუცქირიძე კი შპს „მექანიზატორში“ 2015-2018
წლებში შესყიდვების მენეჯერის პოზიციას იკავებდა.
შპს „მექანიზატორს“ 2020 წლამდე საქართველოს მასშტაბით 13 რეგიონული
სერვის ცენტრი ჰქონდა. ისინი ფერმერებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით
ემსახურებოდნენ. ააიპ „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის
სააგენტო“ კი მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების
ხელშემწყობ პროექტებზე მუშაობდა. 2020 წლის ბოლოდან შპს
„მექანიზატორის“ სერვის ცენტრები გაერთიანდა, 2021 წლის იანვრიდან კი
რეგიონებში მათი ქონების ნაწილის გაყიდვა დაიწყო.
2020 წლის იანვარში, თემურ ცუცქირიძემ პაატა შეყელაძის ცოლის ძმასთან,
გიორგი გიორგობიანთან ერთად დააფუძნა შპს „სილქ როუდ ენჯინიარინგი“.
ამ კომპანიამ, 2022 წლის იანვარში, ახალციხეში, საბარგო სადგურის
დასახლებაში მდებარე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის 18 030 კვ.მ. სადგომი
ზედ არსებული შენობებით აუქციონზე უკონკურენტოდ, 1,471,000 ლარად
იყიდა. ეს ქონება სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ 1,463,408 ლარად
შეაფასა.
იმ დროისთვის, შპს „სილქ როუდ ენჯინიარინგის“ 50% წილს შპს
„მექანიზატორის“ ყოფილი დირექტორის, პაატა შეყელაძის სიდედრი
ეკატერინე გიორგობიანი ფლობდა, მას კომპანიის ნახევარი შვილმა, გიორგი
გიორგობიანმა აჩუქა. 3 თვეში, ეს წილი ეკატერინე გიორგობიანმა მეორე
შვილს, ანა გიორგობიანს აჩუქა. ანა გიორგობიანმა კი, ასევე 3 თვეში
50% წილი ქმარს, პაატა შეყელაძეს გადასცა.
შპს „სილქ როუდ ენჯინიარინგმა“ 2022 წელს ასევე შეისყიდა შპს
“მექანიზატორის“ კუთვნილი 11,263 კვ.მ. ფართობი გურჯაანში და 17,155
კვ.მ. - მარნეულში.
მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
სხდომაზე გაირკვა, რომ ახალციხის მერია, საბარგო სადგურზე მდებარე 18
030 კვმ. ფართის ყიდვას შპს „სილქ როუდ ენჯინიარინგისგან“ 2,600,000
ლარად აპირებს. მერიას ეს ტერიტორია, 18 ახალი ავტობუსის
ავტოსადგომისთვის სჭირდება. როგორც მერმა, ირაკლი ლაზარაშვილმა
სხდომაზე განაცხადა, ქონება ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ
1,700,000 ლარად შეაფასა, თუმცა, მესაკუთრე მას 2,600,000 ლარად
ყიდის. როგორც მერის ნათქვამიდანვე ირკვევა, თვითმმართველობას
ნებისმიერ სხვა, თუნდაც საკუთარ ტერიტორიაზე, ახალი ავტოსადგომის
აშენება უფრო ძვირი დაუჯდება, თუმცა „უფრო ძვირი“ რამდენია, მერი არ
აკონკრეტებს. იგი სადგომის ყიდვაზე თანხმობას საკრებულოსგან
ელოდება.
აღსანიშნავია, რომ პაატა შეყელაძემ, ვისგანაც, შესაძლოა, ახალციხის
მერიამ ქონება იყიდოს, „ქართული ოცნებას“ 2016 წელს 7,000 ლარი
შეწირა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მოუწოდებს ახალციხის
მერიას და საკრებულოს გამორიცხონ შესაძლო კორუფციული რისკები, და
მუნიციპალური ავტოსადგომისთვის ტერიტორიის შეძენაზე გადაწყვეტილება
მხოლოდ დეტალური კვლევის შემდეგ მიიღონ, რომლის ფარგლებშიც შედარებული
იქნება კერძო მფლობელისგან შესყიდულ და სახელმწიფოს კუთვნილ
ტერიტორიაზე ავტობუსების სადგომის მოწყობა-მშენებლობასთან
დაკავშირებული ყველა ხარჯი" - ნათქვამია კვლევაში.