ახალი ამბები
საქართველოს კლინიკების ასოციაციის პრეზიდენტი მიმართვას ავრცელებს
"უახლოეს დღეებში მოსალოდნელია კორონავირუსის შიდა გავრცელების ინტენსივობის მომატება, ანუ მოახლოებულია პიკური სტადია. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს კლინიკების ასოციაცია საქართველოს მთავრობას და მოსახლეობას მოგმართავთ შემდეგი რეკომენდაციებით:

  • ეფექტური პროფილაქტიკური და პრევენციული ღონისძიებების მიზნით რეკომენდებულია ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ დაუყოვნებლივ უზრუნველჰყოს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (განურჩევლად რეგიონისა) მოსახლეობის მოწყვლადი ნაწილის ვირუსზე სწრაფი ტესტირების დაწყება;

  • რეკომენდებულია საქართველოს ყველა რაიონული და საქალაქო სტაციონარული კლინიკა გადავიდეს ფუნქციონირების საგანგებო რეჟიმზე;

  • პაციენტთა დიდი ნაკადის მიღებისათვის რეკომენდებულია პროფილის მიუხედავად ყველა კლინიკის ბაზაზე (მათ შორის რეგიონული კლინიკების) განხორციელდეს მობილიზაცია, განთავისუფლდეს მინიმუმ ერთი სართული ან იზოლირებული ფლიგელი;

  • რეკომენდებულია საგანგებოდ აღიჭურვოს და დაჩქარებული წესით ექსპლუატაციაში შევიდეს ახალი აშენებული კლინიკები, მათშორის ,,ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო,, და ოკუპირებული აფხაზეთის საზღვრის პირა ,,რუხის მრავალპროფილური კლინიკა,,;

  • რეკომენდებულია სახელმწიფოსგან გამოიყოს დამატებითი მატერიალური რეზერვები კლინიკებისთვის სამედიცინო და ლაბორატორიული მასალების მომარაგების თვალსაზრისით;

  • პაციენტთა შეუფერხებელი ოქსიგენაციის უზრუნველსაყოფად რეკომენდებულია კლინიკების მომარაგება დამატებითი ჟანგბადის წყაროებით.

  • ყველა კლინიკის ბაზაზე რეკომენდებულია უმოკლეს დროში უფროსი, საშუალო და უმცროსი სამედიცინო პერსონალის - მინიმუმ 2 ბრიგადის გადამზადება;

  • მაღალი რისკის საქმიანობიდან გამომდინარე რეკომენდებულია დაწესდეს სამედიცინო პერსონალის ჯანმრთელობის სისტემატიური კონტროლი. ამავე დროს სიცოცხლისათვის საშიში რისკების აღმოფხვრის მიზნით ყველა კლინიკაში რეკომენდებულია შეიქმნას სპეციალური კომისია;

  • რეკომენდებულია მთავრობამ გარკვეული დროით მძიმე, დაძაბული და სტრესული შრომის ფონზე გაათავისუფლოს სამედიცინო პერსონალი საშემოსავლო ბეგარისაგან;

  • რეკომენდებულია პალატების, ფლიგელების, კორიდორების, რეგისტრატურისა და დამხმარე ოთახების დღეში რამდენჯერმე (სადეზინფექციო ხსნარების გარდა) ულტრაიისფერი სხივებით დამუშავება, კვარცის აპარატის გამოყენებით.

  • ვირუსული დაავადება არ განარჩევს მორწმუნე და არამორწმუნე ადამიანს, ამიტომ რეკომენდებულია მოსახლეობამ ლოცვები აღასრულოს ინდივიდუალურად, სახლის პირობებში და მკაცრად მოერიდოს მასობრივ თავშეყრას;

  • ვირუსის გავრცელების საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს მოსახლეობაში ნატურალური ფულადი კუპიურების ბრუნვა, ამიტომ რეკომენდებულია, უმოკლეს დროში ყველა სავაჭრო ობიექტის საბანკო ტერმინალებით აღჭურვა და საბანკო ბარათით გადახდის პრინციპის საყოველთაოდ დანერგვა" -ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც ასოციაცია ავრცელებს.
Print