ახალი ამბები
წყალტუბოს საკარანტინო სივრცე 82-მა მოქალაქემ დატოვა
წყალტუბოს საკარანტინო სივრციდან 82 კაცი დაუბრუნდა თავიანთ ოჯახებს. ისინი ორი კვირის განმავლობაში ექიმთა მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ. წყალტუბოში ისინი იტალიიდან დაბრუნების შემდეგ გადაიყვანეს. როგორც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში განაცხადეს, წყალტუბო ერთ-ერთია იმ დასახლებებიდან, სადაც საკარანტინო სივრცეები ფუნქციონირებს. სულ საქართველოს მასშტაბით ასეთი სივრცეები 59 სასტუმროშია განლაგებული, სადაც 4154 მოქალაქე იმყოფება. „დღეს გავიდა 14 დღე მას მერე რაც დავაბინავეთ იტალიის პირველი სრული რეისი კარანტინში. დღეს თითოეული მათგანი სახლში ბრუნდება სრულებით ჯანმრთელი. დროის ამ მონაკვეთში ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ კარანტინში მყოფი მოქალაქეებისთვის შეგვექმნა მაქსიმალურად კომფორტული გარემო. მინდა მადლობა გადავუხადო წყალტუბოს სასტუმრო Legends Tskaltubo Spa Resor-ის თითოეულ თანამშრომელს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ემსახურებოდნენ მოქალაქეებს, სასტუმროს ხელმძღვანელებს, ეს არის ჩვენს მიერ ორგანიზებული საკარანტინო ზონის პირველი სასტუმრო, რომელმაც სრული სოციალური პასუხისმგებლობა გამოიჩინა და გვერდში დაუდგა სახელმწიფოს. დიდი მადლობა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულს, DMO-ს, ადგილობრივ ჯანდაცვის წარმომადგენლებს, სახელმწიფო დაცვის პოლიციას და ყველას ვინც ზრუნავდა ჩვენი თანამოქალაქეების კეთილდღეობასა და ჯანმრთელობაზე.

ჩვენ ვაგრძელებთ მოქალაქეთა ახალი ნაკადების მიღებას და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მთელი საქართველოს მასშტაბით აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვადასხვა სასტუმროებთან ახალი საკარანტინო ზონების შესაქმნელად. როგორც იცით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უზრუნველყოფს კარანტინში მყოფი პირების განთავსებას, სამჯერად კვებას და ჩვენს თანამშრომლებს აქვთ მუდმივი სატელეფონო კონტაქტი თითოეულ მათგანთან, რომ გავითვალისწინოთ ამ ადამიანების საჭიროებები. ჩვენ ვაგრძელებთ 24 საათიან მუშაობას და გვაქვს შესაბამისი რეზერვი, რომ საჭიროების შემთხვევაში საკარანტინო ზონებში მივიღოთ კიდევ უფრო მეტი მოქალაქე, რათა ჩვენ ყველამ ერთად შევძლოთ ახალი კორონავირუსის გავრცელების მაქსიმალური პრევენცია“ -განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში საკარანტინო სივრცეებისა და იქ იმ პირთა გადაყვანის ორგანიზება, რომლებმაც ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით 14-დღიანი კარანტინი უნდა გაიარონ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უზრუნველყო. სასტუმროებში, სადაც საკარანტინო სივრცეებია შექმნილი, განთავსების პირობები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებთან საკარანტინო სივრცეების მოწყობის შესახებ.
Print