საზოგადოება
რუსეთის პატრიარქი: „ჩვენ საკმარისად გონიერი და დისციპლინებულები უნდა ვიყოთ"
მორწმუნეები არ უნდა აჰყვნენ რწმენაზე დაყრდნობით კორონავირუსის პროფილაქტიკის ზომების უგულებელყოფის მოწოდებებს, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის პატრიარქმა კირილმა საკვირაო წირვაზე ქადაგებისას განაცხადა.
"ზოგჯერ მავნე ხალხი, ვინც თავის თავს მორწმუნეს უწოდებს, აცხადებს: "სად არის თქვენა რწმენა, თუ ინფექციის გვეშინია?". ერთმა ბრძენმა ადამიანმა ამ უაზრობას უპასუხა: "პირჯვარი გადაიწერე და გადახტი მეხუთე სართულიდან! ხომ არ გააკეთებ ამას რწმენის იმედით?! მაშ რატომ უბიძგებ ახლა ხალხს რწმენაზე დაყრდნობით იმისკენ, რომ წესები დაარღვიონ, რომელიც უნდა დაიცვან?", - აღნიშნა რუსეთის პატრიარქმა.
პატრიარქ კირილის განცხადებით, რწმენამ მართლმადიდებელ ქრისტიანებს ძალა უნდა მისცეს, რათა გადალახონ სენი და ახლობლებს მხარი დაუჭირონ. "ჩვენ საკმარისად გონიერი და დისციპლინებულები უნდა ვიყოთ, რათა სამედიცინო თვალსაზრისით ყველა აუცილებელი პირობა შევასრულოთ", - დასძინა მან.
ამ დროისთვის მთავრობის მიერ შექმნილს სპეციალურ ვებ-გვერდზე სტოპცოვ.გე მონაცემები უცვლელია. ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა არის 54, მათ შორის გამოჯანმრთელებული - 3 ადამიანი. კარანტინის რეჟიმშია - 3254, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 233 პაციენტი.

Print