საზოგადოება
ბორჯომში ადგილობრივმა სამარშრუტო ტაქსებმა დღეიდან მოძრაობა შეწყვიტა
დღეიდან, ბორჯომში მოძრაობა შეწყვიტეს იმ კერძო სამარშრუტო ტაქსებმა, რომლებიც სხვადასხვა უბნის და სოფლის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ.
შპს "ბორჯომის კეთილმოწყობის" დირექტორის ინფორმაციით, დღეიდან სამარშრუტო ტაქსები აღარ გადაადგილდება არდაგნის, ლიკანის, ახალი უბნის დასახლების, ასევე სოფლების - რველის, ყვიბისის მიმართულებით. ტელეკომპანია "ბორჯომთან" საუბრისას გელა მიქელაძემ განაცხადა, რომ სამარშრუტო ტაქსებს ამ მიმართულებით სახელმწიფოს დაქვემდებარებაში არსებული ავტობუსები ჩაანაცვლებს და მგზავრებს გადაადგილების მხრივ პრობლემა არ შეექმნებათ.

რაც შეეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს, გელა მიქელაძის თქმით, ბორჯომის ავტოსადგურიდან დედაქალაქის და რეგიონების მიმართულებით სამარშრუტო ტაქსები ჩვეულებრივად მოძრაობენ და მათი გადაადგილება არ შეზღუდულა. უცვლელია გრაფიკიც. შპს "ბორჯომის კეთილმოწყობის" სამსახურში ირწმუნებიან, რომ საქალაქთაშორისო ტრანსპორტს დეზინფექცია სისტემატურად უტარდებათ. სადეზინფექციო სამუშაოები ყოველდღიურად, ყოველი რეისის დასრულების შემდეგ უტარდება მუნიციპალურ ტრანსპორტსაც. გელა მიქელაძის ინფორმაციით, კორონავირუსის გამო, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით შემცირებულია მგზავრთა რაოდენობა.

"დღეიდან მხოლოდ ადგილობრივი ქალაქის სამარშრუტო ტაქსები გავაჩერეთ, რომლებიც მოძრაობდნენ ახალი უბნის, ლიკანის, არდაგნის, რველის და ყვიბისის მიმართულებით. მათ ნაცვლად მუნიციპალური ავტობუსები იმოძრავებენ და მგზავრთა გადაადგილებას უზრუნველყოფენ. რაც შეეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს, მოძრაობს ჩვეულებრივად. მთავრობის გადაწყვეტილება თბილისამდე და რეგიონებამდე მოძრავ ტრანსპორტს არ ეხება. აღნიშნულ სამარშრუტო ტაქსებს უტარდება დეზინფექცია. ერთადერთი რაც თვალში საცემია, ბოლო პერიოდში მგზავრთა საგრძნობლად შემცირებული რაოდენობაა" - გელა მიქელაძე, შპს "ბორჯომის კეთილმოწყობის სამსახურის" დირექტორი.

მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან, 18 მარტიდან, ქვეყანაში სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა აიკრძალა. შესაბამისი გადაწყვეტილება კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გუშინდელ სხდომაზე მიიღო, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გააჟღერა.

"დღეს ფაქტობრივად გადავდივართ ვირუსის გავრცელების ეტაპზე, რაც ნიშნავს, რომ რაოდენობა გაგვეზრდება. ეპიდემიის შეჩერების ეტაპიდან გადავდივართ გავრცელების ეტაპზე.
საბჭოს სხდომის ფარგლებში იქნა გადაწყვეტილება მიღებული და აიკრძალება სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გავრცელების კერა, ამიტომ ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული. დარჩება ქალაქში მერიის ტრანსპორტი, ისევე როგორც მეტრო, მაგრამ მათ დაევალათ და ექნებათ ვალდებულება, ყოველდღიურად მოახდინონ ამ ტრანსპორტის დეზინფიცირება და შესაბამისად, აქ რისკების მართვა უკეთ შეგვიძლია"
- განაცხადა გახარიამ.

Print