საზოგადოება
დასაშვებად მივიჩნევთ, რომ ზიარების შემდგომ სასმელის მიღება მოხდეს საკუთარი ან ერთჯერადი ჭიქებით-საპატრიარქო

საპატრიარქო მოსახლეობას მოუწოდებს, დაიცვან ჰიგიენის ნორმები, გამოიყენონ ნაკურთხი წყალი როგორც დასალევად, ასევე საცხოვრებელი თუ სამუშაო ადგილების საპკურებლად.

ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
"ხშირად უნდა გამოიყენოთ ნაკურთხი წყალი, როგორც დასალევად (უზმოზე), ასევე საცხოვრებელი და სამუშაო ადგილის საპკურებლად. შეგახსენებთ, იმასაც, რომ გულში შეძლებისდაგვარად თქვათ "იესოს ლოცვა" ან მოკლედ, - ",უფალო შემიწყალე". როგორც წესი, საკვების მიღების წინ და შემდგომაც უნდა ითქვას შესაბამისი ლოცვა და საჭმელს ჯვარი გადაესახოს.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს პირადი ჰიგიენის დაცვას და, ზოგადად, სისუფთავეზე ზრუნვას. ასევე, საჭიროა ერთმანეთთან ურთიერთობისას შემოთავაზებული წესების დაცვა.
უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს საპატრიარქომაც მიიღო და ეკლესიებისათვის სადეზინფექციო საშუალებების გაცემა უკვე დაწყებულია.
ღვთისმსახურება ტაძრებში აღევლინება ჩვეული წესით, თუმცა დასაშვებად მივიჩნევთ, რომ ზიარების შემდგომ სასმელის (,,სიტკბოების") მიღება მოხდეს საკუთარი ან ერთჯერადი ჭიქებით," - ნათქვამია განცხადებაში.

 

Print