ახალი ამბები
კორონავირუსის შიდაგავრცელების ფაქტი საქართველოში არ დაფიქსირებულა
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსული ინფექციის შიდაგავრცელების ფაქტი ამ ეტაპზე საქართველოში არ დაფიქსირებულა. კითხვაზე, ითვლება თუ არა იტალიიდან ჩამოსული პირის მიერ საქართველოში მყოფი პირისთვის კორონავირუსული ინფექციის გადადება შიდაგავრცელებად, ამირან გამყრელიძე პასუხობს, რომ არა.

„შიდაგადადება ჯერ ჩვენ არცერთი არ გვაქვს. ჩვენ გვაქვს ყველა გადადება იტალიიდან ჩამოსული პირისგან. შიდაგავრცელებად ითვლება, როცა სხვა ქვეყნიდან ჩამოსული პირი გადასდებს აქ ვინმეს და ასეთი პირი კიდევ სხვას გადასდებს. ასეთ შემთხვევაში, უკვე შიგადავრცელება გვექნება. ვისაც გადაედო, მას სხვაზე არ გაუვრცელებია. თუ ასეთი დაფიქსირდა და ეს შესაძლებელია, მაშინ უკე ე.წ. მესამეული გადადება იქნება“ - აცხადებს გამყრელიძე.

მისივე განმარტებით, პირს, რომელსაც იტალიიდან ჩამოსული ადამიანისგან გადაედო კორონავირუსული ინფექცია, თავად იტალიაში არ ყოფილა.

ამ ეტაპზე საქართველოში ახალი კორონავირუსით 12 ადამიანია ინფიცირებული.
Print