ახალი ამბები
რეკომენდაციები ინსტიტუტებს სადაც 50 ან 100-მდე ადამიანი იკრიბება
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სასამართლო სისტემა და ის ინსტიტუციები, სადაც 50 ან 100-მდე ადამიანის შეკრება ხდება, შესაძლოა ახალ რეკომენდაციებს დაექვემდებარონ. ამის შესახებ ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ჯერჯერობით საკითხზე არ უმსჯელიათ, თუმცა, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე, რომელიც ყოველდღიურად იმართება, ამ საკითხზე იმსჯელებენ.

„ამ საკითხზე ამ ეტაპისთვის არ გვიმსჯელია, ვინაიდან დღესდღეობით საქართველოში ეპიდემიის რისკები არის საკმაოდ დაბალი. თუმცა იცით, რომ პრემიერთან ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს თათბირი, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებებს სხვადასხვა ინსტანციებზე და გავცემთ რეკომენდაციებს.

რეკომენდაციები იქნება არა მხოლოდ სასამართლო სისტემასთან, სხვა სისტემასთან დაკავშირებითაც, სადაც ხდება 100-მდე ადამიანის შეკრება, ან თუნდაც 50 ადამიანამდე შეკრება. ჩვენ რეკომენდაციებს ვიღებთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან და მათ რეკომენდაციებზე დაყრდნობით ვიძლევით ქვეყნის შიგნით მითითებებს“ - განაცხადა ტიკარაძემ.


Print