ახალი ამბები
ლუგარის ლაბორატორიაში გამოკვლევისთვის 11 პირის ანალიზები გადაიგზავნა
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის მარინა ენდელაძის ინფორმაციით, ანალიზების უკანასკნელი პასუხების შედეგად არც ერთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. მისივე თქმით, ლუგარის ლაბორატორიაში ამჟამად გამოსაკვლევად გადაგზავნილია კიდევ 11 პაციენტის ანალიზები, რომელთა შედეგები გვიან ღამით იქნება ცნობილი. „ახლა, ამ წუთში, შემოვიდა 5 პაციენტი. რაოდენობის თქმა ასე ზუსტად ცოტა რთულია იმიტომ, რომ შეიძლება შეხვიდე და უკვე დამატებული იყოს. დინამიური პროცესია, მუდმივი ცვლა არის, შემოდიან, მიდიან. უბრალოდ, სასიამოვნო ამბავია ის, რომ ჯერ-ჯერობით, რაც ჩატარდა გამოკვლევა, გარდა იმ სამი დაფიქსირებულისა, დადებითი არც ერთს არ ჰქონია და ყველა პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ამჟამად არის 28 პაციენტი, თუმცა ნახევარ საათში შეიძლება შეიცვალოს ინფორმაცია. 11 ადამიანის ანალიზებია გადაგზავნილი გამოკვლევაზე, ღამე იქნება პასუხები, უწყვეტ რეჟიმში მუშაობს, როგორც ლუგარის ლაბორატორია, ასევე ჩვენ“ - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

მისივე თქმით, დამაკმაყოფილებელია ასევე იმ 3 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ.

„იმათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, იცით რომ მსუბუქი მიმდინარეობა აქვს ამ დაავადებას. რაიმე მნიშვნელოვანი დარღვევები არ აქვთ,არც ლაბორატორიულად, არც კლინიკურად“ - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

შეგახსნებთ, რომ საქართველოში ახალი კორონავისრუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც შემოვიდა აზერბაიჯანის გავლით ირანიდან.კორონავირუსის მეორე შემთხვევა ქვეყანაში 28 თებერვალს დაფიქსირდა. ვირუსი იტალიიდან ჩამოსულ მოქალაქეს დაუდგინდა.კორონავირუსის მესამე შემთხვევა კი 29 თებერვალს დაფიქსირდა, ვირუსი დაუდგინა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ირანში იმყოფებოდა.

სამივე პაციენტი ამ დრომდე თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში, ბოქსირებულ განყოფილებაშია გადაყვანილი. მათი მდგომარეობა სტაბილურია.
Print