საზოგადოება
"წარღვნა დაწყებულია" - მეუფე დანიელი
წარღვნა უკვე დაწყებულია, ცოდვის ღვარცოფი მატულობს და ცდილობს მორევში ადამიანები ჩაძიროს“,-ამის შესახებ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა მეუფე დანიელმა (დათუაშვილი) სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ ივერია გაბრწყინდება უკანასკნელ ჟამს, ეს იქნება ეკლესია, რომელიც აჩვენებს მთელ მსოფლიოს მაგალითს.

„დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ყველას მოუწოდებს მართლმადიდებელთა ოჯახში შევიდეს. ისევე, როგორც კიდობანში შესული მართლმადიდებელი ნოეს ოჯახი გადარჩა, მართლმადიდებელ ეკლესიაში შესული სამწყსო გადარჩება. წარღვნა უკვე მიმდინარეობს, დაწყებულია. ეს არის არა ფიზიკური წარწყმედა ადამიანთა, არამედ სულიერი. ცოდვის ღვარცოფი სულ უფრო და უფრო მატულობს და ცდილობს ჩასძიროს ამ მორევში ადამიანები. ჩვენი პატრიარქი, ვითარცა ნოე დგას და მოგვიწოდებს, რომ ჩვენ მოვემზადოთ და დავმკვიდრდეთ დედა ეკლესიის წიაღში. არის წინასწარმეტყველება, რომ ივერია გაბრწყინდება უკანასკნელ ჟამს, ეს იქნება ეკლესია, რომელიც აჩვენებს მთელ მსოფლიოს მაგალითს.

დღეს თქვენ ხედავთ, რომ არა მარტო მართლმადიდებლური სამყარო, პატრიარქის ავტორიტეტს ძალიან დიდ ანგარიშს უწევს ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური, სამღვდელოება, მრევლი. მას მიიჩნევენ დღეს მთავარ სულიერ ავტორიტეტად. ასევე, კათოლიკური და პროტესტანტული, არაქრისტიანული სამყარო – მუსულმანური, იუდეველთა სამყარო, ყველა აღიარებს ამ პიროვნების ძალიან დიდ სულიერებას. სწორედ მართლმადიდებელი ოჯახის სულიერი ავტორიტეტი, პატრიარქი დგას და აშენებს სულიერ ტაძარს, რომ ჩვენ გადავურჩეთ ამ წარღვნას“ – განაცხადა მეუფე დანიელმა.
Print