ახალი ამბები
2020 წელს დაცული ტერიტორიების რაოდენობა 100 000 ჰექტარით გაიზრდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, იქმნება ახალი ეროვნული პარკი, რომელიც სასაზღვრო ზონაში მდებარეობს. როგორც მთავრობის სხდომის დაწყებამდე გახარიამ განაცხადა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2020 წელს გეგმავს, დაცული ტერიტორიების რაოდენობა 100 000 ჰექტარით გაზარდოს.

„2019 წელს დაცული ტერიტორიების საერთო მოცულობა 10%-ით გაიზარდა და დღეს ის შეადგენს ქვეყანაში 9.6%-ს, თუმცა ეს არ არის მაქსიმალური მაჩვენებელი და სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტრო გეგმავს 2020 წელს 100 000 ჰექტარით კიდევ გაზარდოს დაცული ტერიტორიების რაოდენობა. დღეს ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას, ერუშეთის ეროვნული პარკის შექმნის შესახებ, რომელიც გახლავთ სასაზღვრო ზონაში და რომელიც უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისა და ასევე, წითელი წიგნის ნუსხის სახეობების შენარჩუნებისთვის. ამ გადაწყვეტილებით ჩვენ ვქმნით ისეთ მნიშვნელოვან არეალს, სადაც ხელს შევუწყობთ გარემოს დაცვას. გარდა ამისა, ხდება ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიის გაფართოება 4 000 ჰექტარით, რაც ნიშნავს, რომ ეს უნიკალური ტერიტორია კიდევ უფრო ეფექტურად შეძლებს სახეობების შენარჩუნებას. აქ კონკრეტულად საუბარია კავკასიური ირმის და არჩვისთვის მცირეკავკასიონის დასავლეთის ქედებისკენ კორიდორის შექმნაზე. ეს უაღესად მნიშვნელოვანია წითელი წიგნის ნუსხის ცხოვლების გადასარჩენად” - განაცხადა გახარიამ.

მომზადებული კანონპროექტები:
  • თრუსოს დაცული ლანდშაფტის დაარსება - 7 007 ჰა
  • რაჭის ეროვნული პარკის დაარსება  - 52 191 ჰა
  • ერუშეთის ეროვნული პარკის დაარსება - 11 681 ჰა
  • არაგვის დაცული ლანდშაფტის დაარსება - 99 802 ჰა
  • რიონის დაცული ტერიტორიების დაარსება  -   598   ჰა
  • კოლხეთის ეროვნული პარკის გაფართოება -  650 ჰა
  • ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის გაფართოება  - 4 183 ჰა
  • მარიამჯვრის დაცული ტერიტორიების გაფართოება -  4 936 ჰა
  • შიდა ქართლის გეგმარებითი დაცული ტერიტორები - 46 515 ჰა

მოსამზადებელი კანონპროექტები:
  • ეგრისის ქედის (სამეგრელო) გეგმარებითი დაცული ტერიტორიების - 102 217 ჰა
  • სვანეთის გეგმარებითი დაცული ტერიტორია  -  173 556 ჰა;
  • გურიის გეგმარებითი დაცული ტერიტორიები - 33 478 ჰა.

Print