ახალი ამბები
გიორგი მარგველაშვილი პოლიტიკაში დაბრუნებაზე საუბრობს
მე დავიწყებ აქტიურ კონსულტაციებს იმასთან დაკავშირებით, როგორ უზრუნველვყო და დავიცვა ის, რასაც ჩემი თაობის ადამიანები თავისი სიცოცხლით იცავდნენ - საქართველოს დამოუკიდებლობა, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა. ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, ყველა მისი პოლიტიკური მცდელობა ოპოზიციური ერთობის მხარდამჭერი და გამაძლიერებელი იქნება. „როდესაც დასავლელ პარტნიორს წერილებს უკან მიაყრი და ეტყვი, რომ მისი კომპეტენცია არ არის, ეს სიცარიელე ასე არ დარჩება. ამ სიცარიელეს აუცილებლად შეავსებს ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი. ამ ვითარებაში, როდესაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ჩვენი ქვეყნის კურსი და მომავალი, ბუნებრივია, მე დავიწყებ აქტიურ კონსულტაციებს იმასთან დაკავშირებით, როგორ უზრუნველვყო და დავიცვა ის, რასაც ჩემი თაობის ადამიანები თავისი სიცოცხლით იცავდნენ - საქართველოს დამოუკიდებლობა. არცერთ შემთხვევაში არ იქნება ისეთი რამ, რაც რაიმე მიმართულებით ოდნავ მაინც შეასუსტებს ოპოზიციურ ერთობას. ყველაზე ფასეული დღეს ჩემთვის არის ის ოპოზიციური ერთობა, რომელიც შედგა. ყველა ჩემი პოლიტიკური მცდელობა იქნება იმ ერთობის მხარდამჭერი და გამაძლიერებელი. დანარჩენი დეტალებია“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება მომხდარიყო, თუმცა, როგორც მარგველაშვილი აცხადებს, შეუძლებელია მოლაპარაკების მაგიდასთან დარჩენა, როცა მაგიდის წევრებს აპატიმრებენ.

„ძალიან ნათელია, რა უნდა ოპოზიციას. ჯერ მარტო იმიტომაა ნათელი, რომ მთელი ოპოზიცია გაერთიანებულია. ყველასათვის ცხადია, რომ ოპოზიციას ნორმალური საარჩევნო სისტემა უნდა. რა კომენტარს გააკეთებენ ადამიანები, რომლებიც სენატორებისთვის მენტალიტეტის შეცვლას აპირებენ, ამას მნიშვნელობა არ აქვს. საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა, რომ სასაუბრო მაგიდასთან რაღაც შეთანხმება შემდგარიყო, მაგრამ რანაირად უნდა დარჩე ამ მაგიდასთან, როცა მაგიდის წევრებს გიპატიმრებენ?! რანაირადაა ეს შესაძლებელი, როცა მოლაპარაკების სუბიექტები მაგიდასთან ფაქტობრივად ბორკილებში სხედან?!“ - განაცხადა მარგველაშვილმა.
Print