ახალი ამბები
შშმ პირთა უფლებები - ახალი ვალდებულებები მუნიციპალიტეტებს
საქართველოს მთავრობამ შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა. კანონპროექტის მიხედვით, მუნიციპალიტეტებს ახალი ვალდებულება ეკისრებათ, რომელიც ეტაპობრივად შევა ძალაში.

როგორც იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, ეს არის კანონპროექტის, რომლის მიღების შემდეგაც ქვეყანა გადავა აბსოლუტურად ახალ ეტაპზე.

„ეს გახლავთ კანონპროექტი შშმ პირთა უფლებების შესახებ. ამ კანონის ძალაში შესვლისთანავე, დასრულდება ხანა, რომელიც გულისხმობდა იმას, რომ შშმ პირი, არის ჯანდაცვის სისტემის ზრუნვის საგანი. შშმ პირი გახდება, როგორც ეს არის მაღალდემოკრატიულ ქვეყნებში, სოციალური უფლებების სფეროში დაცვის, როგორც ობიექტი, ასევე, სუბიექტი. მინდა იმედი გამოვთქვა, რომ პარლამენტში რატი იონათამიშვილთან ერთად, სხვა დეპუტატებიც დიდ მხარდაჭერას აღმოუჩენენ ამ კანონპროექტს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, კანონპროექტის მიხედვით, მუნიციპალიტეტებს ეკისრებათ ახალი ვალდებულება, რომელიც ეტაპობრივად შევა ძალაში, რომ საკუთარი იურისდიქციის ფარგლებში ხელი შეუწყონ შშმ პირთა ცენტრების შექმნას, რომელიც იქნება საკონსულტაციო და მომსახურების ცენტრები, ასევე შემოიღონ სრულიად ახალი ინსტიტუტი, ეს არის პერსონალური ასისტენტის ინსტიტუტი.

”ეს პროექტი, რომელიც დღეს დამტკიცდა, ამბობს, რომ 2020 წლიდან 2035 წლამდე ყველა საჯარო დაწესებულება, იქნება ეს სკოლები თუ სხვა, თითოეულმა სამინისტრომ უნდა გარდაქმნას, ამას ძალიან დიდი ფინანსური ინვესტიცია დასჭირდება. ამ 15-წლიან პერიოდში ძველი შენობების ადაპტირება უნდა დასრულდეს. უფრო მეტიც, ეს კანონი შეეხება კერძო სექტორის შენობებსაც, თუ ამ შენობებში გაიცემა მომსახურება.“ -განაცხადა წულუკიანმა



წყარო: droa.ge

Print