ახალი ამბები
სუს-ი „ნაციონალურ მოძრაობას“ პასუხობს

სუს-ი კატეგორიულად უარყოფს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ უწყება უთვალთვალებს პოლიციის მაიორის, გიორგი დვალიშვილის ოჯახსა და მის მცირეწლოვან შვილებს.

"აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა დროს კონკრეტული პოლიტიკური ძალებისა და მათი აქტივისტების მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მისამართით გავრცელებული მსგავსი ბრალდებები არ ეფუძნება ფაქტებსა და მტკიცებულებებს და მხოლოდ უწყების დისკრედიტაციას და პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება"- ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

26 იანვარს გამართულ ბრიფინგზე პოლიციის მაიორმა, გიორგი დვალიშვილმა განაცხადა, რომ უკანონოდ უთვალთვალებენ მის ოჯახს, ლევან იზორიას ძმის დაკავებასთან დაკავშირებული სკანდალური ვიდეომასალის გასაჯაროების გამო.

დვალიშვილი საგანგებოდ მიმართავდა უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს, გრიგოლ ლილუაშვილს - შეწყდეს უკანონო თვალთვალი - „მყავს სამი არასრულწლოვანი ბავშვი, სამი გოგონა, რომლებიც სისტემატურად იმყოფებიან ზეწოლის ქვეშ - თვალთვალია მათზე, (თვალთვალი) სადარბაზოში უკვე ძალიან ზედმეტია“.

26 იანვარს, დვალიშვილთან ერთად, განცხადება გააკეთა ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ხატია დეკანოიძემ, რომელიც ხელისუფლებას ასევე მოუწოდებდა უკანონო თვალთვალის შეწყვეტისკენ.

„მთავარი არხის“ მიერ 23 იანვარს გავრცელებულ ვიდეომასალაში, რომელიც 2014 წელს არის გადაღებული, ჩანს, როგორ აკავებს საპატრულო პოლიციის მაიორი გიორგი დვალიშვილი მაშინდელი შს მინისტრის მოადგილის, ლევან იზორიას ძმას, ვახო იზორიას. დაკავებიდან მალევე, ვახო იზორიას საპატრულო პოლიციის ავტომანქანიდანვე ათავისუფლებენ. გიორგი დვალიშვილის თქმით, გათავისუფლების დროს ის ადგილზე არ იმყოფებოდა.

დვალიშვილს ეჭვი აქვს, რომ 2019 წელს ის საპოლიციო სისტემიდან სწორედ ლევან იზორიას ძმის დაკავებასთან დაკავშირებული ამბის გამო გაათავისუფლეს.

თბილისის პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი დვალიშვილის განცხადების საფუძველზე, 2019 წლის 7 ნოემბერს დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის I ნაწილით.

 

Print