ახალი ამბები
ექსპერტმა ხელის დაზიანება დააფიქსირა- ვახტანგ რობაქიძე

დეპუტატ ანრი ოხანაშვილის საქმეზე ბრალდებულმა ვახტანგ რობაქიძემ სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო უკვე დატოვა.


როგორც რობაქიძემ ჟურნალისტებთან საუბარში განმარტა, ექსპერტიზის ბიუროში სხეულზე ვიზუალური დათვალიერების დროს ხელზე დაზიანება დაფიქსირდა.

„მხოლოდ ვიზუალური დათვალიერება მოხდა. ექსპერტმა დააფიქსირა ხელის დაზიანება და განმიმარტეს, რომ ჩემი სახსრებით უნდა ჩავიტარო მუცლის ღრუს გამოკვლევები და შემდეგ ამ გამოკვლევის შედეგებს ჩაუტარდება ექსპერტიზა. დღესვე ვაპირებ კლინიკაში გამოკვლევაზე მისვლას, მაგრამ კონკრეტულად რომელ კლინიკაში მივალ, ჯერ არ ვიცი, უნდა გავარკვიო პირად ექიმთან"- განაცხადა ვახტანგ რობაქიძემ.

შეგახსენებთ, რომ 19 იანვარს, რამდენიმე დღის წინ, დეპუტატი ანრი ოხანაშვილი ბაკურიანში, ერთ-ერთ რესტორანში ოჯახთან ერთად ვახშმობდა, რა დროსაც ვახტანგ რობაქიძესა და ოხანაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

რობაქიძე სამართალდამცავებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. მას 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.

ამასთან, ვახტანგ რობაქიძეს ანი ოხანაშვილის საქმეზე ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე და 239-ე მუხლებით წარუდგენეს, რაც მუქარასა და ხულიგნობას გულისხმობს.ვახტანგ რობაქიძეს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით 7 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

 

Print