ახალი ამბები
საპროტესტო აქცია ნინოწმინდაში
ნინოწმინდაში, სოფელ გორელოვკაში აქციის მონაწილეებს სამცხე–ჯავახეთის მხარის რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი და ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი ხვდებიან.
აქციის მონაწილეებს საქართველო–სომხეთის დამაკავშირებელი ცენტრალური გზა ორ საათზე მეტია რაც გადაკეტილი აქვთ. ინფორმაციას „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ სოფელში სასმელი წყლის და საძოვრების პრობლემა აქვთ, რადგან სოფლის გარშემო მდებარე მიწების დიდი ნაწილი, რამდენიმე პირის მფლობელობაშია.

მათი თქმით, სოფელში ნაკვეთების დიდ რაოდენობას ფლობს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე სუმბატ კიურეღიანი, სოფლის დეპუტატი ასკანაზ მარკოსიანი, ასევე მერის წარმომადგენელი გორელოვკაში ლევონ არაქეილიანი.

„სოფელში მხოლოდ 4–5 კაცი ცხოვრობს კარგად, ვეხვეწებით რომ წყალი მოგვცენ. მიწები წაგვართვეს, ჩემი ცოლი სკოლაში მუშაობს და აქ რომ ვდგავარ მეშინია სამსახური არ დაკარგოს. ახლა მიწასთან ერთად უნდათ, რომ წყალი წაგვართვან, მარტო ჰაერი გვრჩება და ესეც წაგვართვან მაშინ. ამბობენ, რომ საქართველოში კორუფცია არ არისო, ჩვენთან ყველაზე მეტი კორუფციაა“, – აცხადებს ერთ–ერთი ადგილობრივი.

მათი თქმით, ადგილობრივი ჩინოვნიკები მიწის ნაკვეთებს და საძოვრებს მწყემსებზე აქირავებენ.

„ნინოწმინდის მერიის სამსახურის უფროსი ჰამლეტი, რომ დაიჭირეს, ეგეც აქირავებდა მიწებს, ზოგიერთს მფლობელობაშიც კი არ აქვს. აზერბაიჯანელ მწყემსებზე აქვთ საძოვრები მიქირავებული. კიდევ ბევრია ჩვენს სოფელში დასაჭერი. ესენი სოფლის თვითმარქვია არენდატორები არიან“ , – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

გორელოვკაში ამბობენ, რომ მესამე თვეა სოფლის ნაწილს წყალი არ აქვს, ამიტომ თოვლს ადნობენ.

„მაწანწალებივით ვცხოვრობთ, თუ სუმბატ კიურეღიანის საქონელს დარჩა წყალი, ამის შემდეგ უშვებენ ჩენთან. თოვლს ვადნობთ და იმას ვიყენებთ, უკვე სამი თვეა ამ დღეში ვართ. სამი ბიჭი მყავს მინდა ცალ–ცალკე იცხოვრონ, მაგრამ მიწას ვერ ვყიდულობ სულ დაკავებულია. ნათესავებზე აქვთ მიწები გადაფორმებული“, – ამბობს ერთ–ერთი აქციის მონაწილე.

Print