ახალი ამბები
ერეკლე კუხიანიძე უმრავლესობის რიგებს დატოვებს
საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ერეკლე კუხიანიძე უმრავლესობის რიგებს დატოვებს. ამის შესახებ მედიასთან ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანმა განაცხადა. მისი თქმით, ერეკლე კუხიანიძის მიერ უმრავლესობის რიგების დატოვების შესახებ გადაწყვეტილება თავად მმართველი პარტიის უმრავლესობამ მიიღო.

"ჩვენ შევიკრიბეთ კანონით დადგენილი პროცედურით და გადავწყვიტეთ, რომ ერეკლე კუხიანიძეს დავატოვებინოთ უმრავლესობის რიგები. შესაბამისად, დავაყენებთ შუამდგომლობას საკრებულოს უახლოეს სხდომაზე მისი თანამდებობიდან გადაყენების შესახებ", - განაცხადა დავითულიანმა.

ინფორმაციისთვის, ერეკლე კუხიანიძე, რომელსაც საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა უკავია, აღნიშნული პოსტის დატოვების შემდეგაც საკრებულოს დეპუტატის მანდატს შეინარჩუნებს.

როგორც დავითულიანმა განმარტა, საკრებულოს მანდატის დატოვების სამართლებრივი საფუძველი კუხიანიძის შემთხვევაში შეიძლება იყოს მხოლოდ დეპუტატის პირადი განცხადება, რადგან მის მიმართ იურიდიული მოტივი არ არსებობს.

„შესაბამისად, ჩვენ ამას ვერ ვაიძულებთ, თვითონ თუ არ მიიღო ეს გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილების შესახებ მე მისი რეაქცია არ ვიცი" - განაცხადა დავითულიანმა.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს წევრმა „ქართული ოცნებიდან“ ერეკლე კუხიანიძემ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი პროვოკაციაში დაადანაშაულა და მათ „იდიოტები“ უწოდება. კუხიანიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ როდესაც ადამიანმა იცის, რომ ოკუპანტი დაიჭერს და მაინც მიდის სპეციალურად, ხოლო მისი ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება, მისი შეფასებით, ეს ნიშნავს, რომ „იდიოტები ან პროვოკატორები არიან“.
Print