ახალი ამბები
„გრანტების გაცემის შესახებ კანონში“ ცვლილებები შედის
კულტურის სფეროში პროექტების დაფინანსების მიზნით „გრანტების გაცემის შესახებ კანონში“ ცვლილებები შედის. კანონპროექტი განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე განიხილეს. კანონის დღეს არსებული რედაქცია საჯარო სამართლის იურიდიული პირის (სსიპ-ის) მიერ კულტურის მიმართულებით გრანტების გამოყოფას არ ითვალისწინებს. ცვლილება „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში, კერძოდ, კანონის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტში შედის. როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, კანონპროექტის მიღების მიზეზია ის გარემოება, რომ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 აგვისტოს N364 დადგენილებით, შეიქმნა სსიპ - კულტურის ეროვნული ფონდი, რომელიც ამავე დადგენილების თანახმად, განისაზღვრა გრანტის გამცემად.

„კანონპროექტის მიღების აუცილებლობა გამოწვეულია „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის არსებული რედაქციით, რომელიც არ ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ კულტურის სფეროში პროექტების ხელშეწყობის მიზნით გრანტების გაცემის შესაძლებლობას. შესაბამისად, იმისათვის რომ „კულტურის ეროვნულ ფონდს“ მიეცეს შესაძლებლობა, განახორციელოს კულტურის სფეროში პროექტების დაფინანსება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, აუცილებელია, კანონში შეტანილი იქნეს წარმოდგენილი ცვლილება,”- აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, პროგრამის „კულტურის ხელშეწყობა“ ფარგლებში გათვალისწინებულია 12.7 მლნ ლარი, რომელიც ემსახურება კულტურის ფარგლებში სხვადასხვა საპროექტო ღონისძიებების დაფინანსებას. კულტურის ეროვნული ფონდის შექმნის შემდგომ დაახლოებით წლიურად 6.5 მლნ ლარი განაწილდება ამავე ფონდის ბიუჯეტში, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება საგრანტო პროექტების დაფინასება იმავე მიზნობრიობით.
Print