საზოგადოება
ფოთლების დაწვისთვის მოქალაქე 200 ლარით დაჯარიმდა
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხაში ერთ-ერთმა მოქალაქემ საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში ფოთლები დაწვა, რის გამოც, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა აღნიშნული პირი 200 ლარით დააჯარიმა.
დეპარტამენტის ინფორმაციით საქმე აღიძრა ადმინისტრატიული სამართალდარღვევათა კედექსის 35 მუხლის 1 ნაწილით.
საქართველოში, 2014 წელს მიღებული ნარჩენების მართვის კოდექსის 35-ე მუხლის მიხედვით, ფოთლების დაწვა ისჯება 200 ლარით.
ფოთლების წვა აბინძურებს როგორც ჰაერს, ისე ნიადაგს, ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას და გარემოს. კვამლი, რომელიც წვის დროს გამოიყოფა, შეიცავს შხამიან ნივთიერებებს, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშია. ხელს უწყობს სხვადასხვა დაავადების გამოწვევას - ბრონქულ ასთმას, ყელის სიმსივნეს, აზიანებს ღვიძლს, ნერვულ სისტემას. გარემოში, გარდა იმისა, რომ ამცირებს ჟანგბადის რაოდენობას და ზრდის ამიაკისა და მეთანის რაოდენობას ჰაერში, აზიანებს ნიადაგსაც.
ფოთლების წვა სეზონური პროცესია, რომელიც დასახლებულ ადგილებში შემოდგომის მიწურულს, ხოლო სასოფლო-სამეურნეო მინდვრებში – გაზაფხულობით მიმდინარეობს.
მოქალაქე რომელიც აღნიშნულ ფაქტს შენიშნავს , შეუძლია დარეკოს ცხელ ხაზზე , რომლის ნომერია - 153.

Print