ახალი ამბები
სამოქალაქო აქტივისტები ქვეყნის მასშტაბით მაჟორიტარების ბიუროებს ბოქლომებს ადებენ

ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას ბიუროსთან ხმაურია. ოპოზიციის წარმომადგენლები ბიუროს შესასვლელ კარზე ბოქლომის დადებას აპირებენ, თუმცა ამის საშუალება მათ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა არ აძლევენ.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

მოძრაობა „გაბედეს" აქტივისტებმა, უმრავლესობის წევრს და ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატს, მერაბ ქვარაიას პრესკონფერენციის ჩატარების საშუალება არ მისცეს.

მოძრაობის მონაწილეები სკანდირებდნენ: „მონა“, „სირცხვილი“, „ივანიშვილის ხელის ბიჭი“. „ჩვენ აქ მოვედით იმისთვის, რომ მეორედ ხალხის წინააღმდეგ წასვლა აღარ გაბედოთ“, - განაცხადეს აქტივისტებმა.

ასევე აქტივისტებმა მაჟორიტარ დეპუტატს კითხვებით მიმართეს, რა გაუკეთებია მას, როგორც მაჟორიტარს და რატომ მოატყუა „ქართულმა ოცნებამ“ ხალხი, როდესაც პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარებას 2020 წელს დაპირდა.

"ასეთი დავალებებით აგზავნიან ამ ახალგაზრდებს, მაგრამ მინდა ვუსურვო მათ ყოველივე საუკეთესო. მათ უკვე თქვეს, რომ ისინი არიან სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები“, - განაცხადა თავის მხრივ დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ.

პარალელურად,ევროპული საქართველოს“ და გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა სანზონაში, დეპუტატ მიხეილ ყაველაშვილის მაჟორიტარულ ბიუროს ოფისის „დაბოქლომება“ სცადეს. აქციის მონაწილეებს ამის საშუალება სამართალდამცველებმა არ მისცეს, თუმცა მათ მაინც მოახერხეს შენობის გარე ფასადზე სტიკერების გაკვრა წარწერით „დალუქულია“.

„ევროპულ საქართველოს“ და სხვა პოლიტიკურ პარტიებს სურდათ ოფისების „დაბოქლომება“. ეს არის პროტესტი ჩვენი მხრიდან. მიხეილ ყაველაშვილმა აქ დაგვახვედრა თავისი „ზონდერები“. ძალიან ცუდია, რომ ხელისუფლება თავის პასუხისმგებლობას ვერ აცნობიერებს. პოლიცია, რომელიც უნდა ებრძოდეს კრიმინალს და იცავდეს მოქალაქეების უსაფრთხოებას, აქციეს კარების დარაჯად. ეს შეურაცხმყოფელია. ჩვენ არანაირ დაპირისპირებაში არ შევდივართ. როდემდე იდგებიან თავიანთ კარებებთან, წავლენ თუ არა, ჩვენ მაინც მოვალთ და „დავაბოქლომებთ“, - განაცხადა დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა.

სიტყვიერი დაპირისპირება აქციის ორგანიზატორებსა და მაჟორიტარული ბიუროს თანამშრომლებს შორის რამდენჯერმე მოხდა. სიტუაცია სამართალდამცველებმა განმუხტეს.

რაც სეეხება თელავს,აქ  მუნიციპალიტეტის შენობაში დილიდან სამართალდამცველები არიან მობილიზებული. ისინი „ევროპული საქართველოს“ წევრებს საშუალებას არ აძლევენ, მაჟორიტარი დეპუტატების, გელა სამხარაულის და ირაკლი სესიაშვილის კაბინეტის „დაბოქლომების“.

სამართალდცველები მედიას და პარტიის წევრებს შენობაში არ უშვებენ. ისინი შესვლის უფლებას მხოლოდ თანამშრომლებს აძლევენ.

„ევროპული საქართველოს“ თელავის ორგანიზაციის თავჯდომარის, ლელა მენთეშაშვილის ინფორმაციით, ის არ აპირებს დანებებას და დღის განმავლობაში კიდევ შეეცდება შესვლას და კარზე ბოქლომის დამაგრებას.

 

Print