ახალი ამბები
აქცია პარლამენტის წინ დღეს, 19:00 საათზე განახლდება

პარლამენტის წინ ამ დროისთვის 10-მდე კარავია გაშლილი. ტერიტორიაზე იმყოფება აქციის რამდენიმე მონაწილე, რომლებმაც ღამე კარვებში გაათენეს. ამ წუთებში შენობის მიმდებარე ტერიტორიას დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლები ასუფთავებენ.

პარლამენტის შენობის მიმდებარე ტარიტორიაზე კვლავ რჩება საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი.

აქცია პარლამენტის წინ დღეს, 19:00 საათზე განახლდება.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 18 ნოემბერს, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის დაშლის დროს, სულ დაკავებულია 37 პირი, რომელთა სასამართლო პროცესიც დღეს გაიმართება.

დაკავებულებს შორის არიან, ადვოკატი ბექა ბასილაია, მოძრაობა „სირცხვილიას“ ლიდერები გიგა მაქარაშვილი და ზუკა ბერძენიშვილი.


ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აქციის დაშლის შედეგად დაშავებული 5 ადამიანიდან 3 უკვე გაწერილია კლინიკიდან, 2 პოლიციელი კი საავადმყოფოში რჩება.

„გუშინდელი აქციის შედეგად 5 ადამიანი იქნა ჰოსპიტალიზირებული, მათგან 2 - სამართალდამცველი. ამ დროისთვის, 3 სამოქალაქო პირი უკვე გაწერილია ბინაზე. კლინიკებში რჩება 2 პოლიციელი, რომლებსაც დაზიანებები თავისა და ხელის არეში ჰქონდათ მიყენებული. სამართალდამცველებს შესაბამისი ქირურგიული ოპერაციები ჩაუტარდათ და ამ დროისთვის, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

Print