ახალი ამბები
ხალხი სალომე ზურაბიშვილისა და გიორგი გახარიას მიმართ უარყოფითადაა განწყობილი-IRI-ის კვლევა

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ უარყოფითადაა განწყობილი.

უფრო კონკრეტულად, პრეზიდენტის მიმართ საკუთარ უარყოფით განწყობას რესპონდენტთა 70 % ასახელებს და მხოლოდ 23 % აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის მიმართ დადებითი განწყობა აქვს.

7 % ირჩევს კატეგორიას: „არ ვიცი/არ ვპასუხობ“.

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, რესპონდენტთა 39 % მის მიმართ კეთილგანწყობილია, 49 % კი - უარყოფით განწყობას გამოხატავს. 2 % ამბობს, რომ პრემიერის შესახებ არ სმენია, 10 %-მა კი არ იცის ან პასუხზე უარს აცხადებს.

გამოკითხულთა უმეტესობა უარყოფით განწყობას აფიქსირებს პარლამენტის თავმჯდომარის მიმართაც. კერძოდ, არჩილ თალაკვაძე რესპონდენტთა 50 %-ს არ მოსწონს, 25 % კი მის მიმართ კეთილგანწყობილია. 10 %-ს თალაკვაძის შესახებ არ სმენია, 15 % კი ირჩევს კატეგორიას: „არ ვიცი/არ ვპასუხობ“.

კვლევა განხორციელდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით რესპოდენტების საცხოვრებელ სახლებში. კვლევაში მონაწილეობა მიიღო საარჩევნო ხმის უფლების მქონე საქართველოს 1500-მა მაცხოვრებელმა, 18 წლის ასაკიდან. შერჩევა არის წარმომადგენლობითი და ზუსტად ასახავს საქართველოს მთლიან მოსახლეობას ასაკის, სქესის, რეგიონისა და სიდიდის გათვალისწინებით. გამოყენებული იქნა მრავალსაფეხურიანი ალბათობის მეთოდი, შემთხვევითი მარშრუტისა და შემდგომი დაბადებისდღის მქონე რესპოდენტის შერჩევის კრიტერიუმით.

 

Print