მთავრობის ყველაზე დიდი წარუმატებლობა შეუსრულებელი დაპირებებია- IRI-ის კვლევა

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 12% მიიჩნევს, რომ მთავრობის ყველაზე დიდი წარუმატებლობა შეუსრულებელი დაპირებებია.

კითხვაზე: რა მიგაჩნიათ მთავრობის მთავარ წარუმატებლობად, პასუხები ასე გადანაწილდა: ლარის გაუფასურება - 8%, ივნისის მოვლენები - 7%, ეკონომიკური კრიზისი - 6%, მცოცავი ბორდერიზაცია - 5%, უმუშევრობა - 4%, სიღარიბე - 4%, კოჰაბიტაცია - 4%, ხალხზე არზრუნვა-3%, ნდობის დაკარგვა - 3%, ფასების ზრდა - 3%.

დასაქმების პოლიტიკას, გავრილოვის ვიზიტს, რუსეთთან ურთიერთობებს, უსამართლობას-მოხახლეობის თითო პროცენტი მიიჩნევს მთავრობის მთავარ წარუმატებლობად.

პასუხი რესპონდენტთა, რომელთაც კითხვაზე პასუხი არ იციან/არ პასუხობენ წარმოადგენს 28%-ს.

რაც შეეხება მთავრობის მთავარ წარმატებას, აქ რესპოდენტთა 13%-ჯანდაცვის რეფორმას ასახელებს. მომდევნო ადგილებზე 4-4%-ით ინფრასტრუქტურა, ძალადობის არ არსებობა, განათლება და უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან სახელდება. კითხვაზე, რა მიგაჩნიათ მთავრობის მთავარ წარმატებად, გამოკითხულთა 3% გზებს, 3%-სიტყვის თავისუფლებას, 3%-დემოკრატიას ასახელებს. სიაში მოხვდა პენსიების ზრდაც, რომელსაც მოსახლეობის 2% მიიჩნევს მთავრობის მთავარ მიღწევად. გამოკითხულთა თითო პროცენტმა ვალების პატიება და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების პოლიტიკიდან განდევნა მთავრობის მთავარ მიღწევად დაასახელა.

რაც შეეხება კითხვაზე პასუხს არ ვიცი/არ ვპასუხობ, ამ შემთხვევაში, რესპონდენტთა რაოდენობა 36%-ია.

კვლევა განხორციელდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით რესპოდენტების საცხოვრებელ სახლებში. კვლევაში მონაწილეობა მიიღო საარჩევნო ხმის უფლების მქონე საქართველოს 1500-მა მაცხოვრებელმა, 18 წლის ასაკიდან. შერჩევა არის წარმომადგენლობითი და ზუსტად ასახავს საქართველოს მთლიან მოსახლეობას ასაკის, სქესის, რეგიონისა და სიდიდის გათვალისწინებით. გამოყენებული იქნა მრავალსაფეხურიანი ალბათობის მეთოდი, შემთხვევითი მარშრუტისა და შემდგომი დაბადებისდღის მქონე რესპოდენტის შერჩევის კრიტერიუმით.

 

 

Print