ახალი ამბები
მოძრაობა „სირცხვილიას“ და „შეცვალეს“ აქტივისტებმა პარლამენტის წინ გზა გადაკეტეს
მოძრაობა „სირცხვილიას“ და მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტებმა პარლამენტის წინ გზა გადაკეტეს და მჯდომარე აქციას მართავენ. ადგილზე მობილიზებული საპატრულო პოლიცია გზის გათავისუფლებას ცდილობს.
პარლამენტის წინ ამ დროისთვის პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლაა. ადგილზე მივიდნენ პარტია "გამარჯვებული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გურამ ჩალაგაშვილი და „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე.

დაშლა გამორიცხულია მანამდე, ვიდრე არ მივაღწევთ იმას, რაც ხალხს უნდა, - განაცხადა ვაშაძემ. მან ადგილზე მობილიზებულ სამართალდამცველებს, რომლებიც გზის სავალი ნაწილის გათავისუფლებას ცდილობენ, კანონის დაცვისკენ მოუწოდა.

„პოლიციამ კანონი უნდა დაიცვას და არა ივანიშვილი. ეს უნდა ესმოდეთ მათ. ღირსება თუ გაქვთ, ხალხო, ყველა ერთად უნდა დავდგეთ. ძალა ერთობაშია და ამის ეშინია მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილს“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მან გზის სავალი ნაწილი გათავისუფლებაზე უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ არასდროს დაემორჩილება უკანონო მოთხოვნას.

რუსთაველის გამზირზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატებმა კანონპროექტი, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალიწინებდა, კენჭისყრაზე ჩააგდეს. აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს.


Print