ახალი ამბები
უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატთა შერჩევის წესი საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდა
საქართველოს სახალხო დამცველი უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს. დღეს, 11 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი სარჩელით პირველ ნოემბერს მიმართა.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის წესი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ მოქალაქის საჯარო თანამდებობის დაკავების და სამართლიან სასამართლოზე წვდომის უფლებებს და დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს უზრუნველმყოფელ პრინციპს.

ნინო ლომჯარიას განმარტებით, საკონსტიტუციო სარჩელი ეფუძნება შესაბამის კანონპროექტზე ვენეციის კომისიისა და ეუთოს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ოფისის დასკვნებს და მოსამართლეთა შერჩევის პროცესის მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ლომჯარიას თქმით, პრობლემურია ორი საკითხი - კანდიდატების შერჩევის საკითხზე გადაწყვეტილებების ფარულად და დაუსაბუთებლად მიღება და გასაჩივრების შესაძლებლობის არარსებობა.

სახალხო დამცველის შეფასებით, შერჩევის წესი არ გამორიცხავს თვითნებობის საფრთხეს, რადგან სადავო ნორმით გათვალისწინებული ფარული კენჭისყრა არ ავალდებულებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დაასაბუთოს გადაწყვეტილება, თუ რატომ მიანიჭა უპირატესობა ერთ კანდიდატს და უარი უთხრა მეორეს, გასაჩივრების უფლების არარსებობით კი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს ერთმევათ შესაძლებლობა, სასამართლო წესით ამტკიცონ მათ შერჩევაზე უარის არამართლზომიერება.
Print