ახალი ამბები
ილია მეორე კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს ხელმძღვანელს მიმართავს
საქართველოს საპატრიარქო დავით გარეჯთან დაკავშირებით კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს ხელმძღვანელისადმი შეიხ-ულ-ისლამ ალაჰ შუქურ ფაშა-ზადეს მიმართ სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, ილია მეორის წერილს აქვეყნებს:

„თქვენო აღმატებულებავ, მოგესალმებით ძმური სიყვარულით და აუცილებლად მივიჩნევთ თქვენი ყურადღების მიპყრობას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამონასტრო კომპლექს დავით გარეჯისადმი; კერძოდ, იმ პრობლემასთან დაკაშირებით, რომლებიც შეიქმნა ამ ტერიტორიაზე აზერბაიჯანელი მესაზღვრეების ცნობილი მოქმედებების შედეგად.

საქმე ეხება ორ მნიშვნელოვან საცხოვრისს - უდაბნოსა და ჩიჩხიტურს

იურიდიულად და კარტოგრაფიულად ყველაფერი ცხადია: 1938 და 1996 წლების დადგენილებებით ქართულმა და აზერბაიჯანულმა მხარეებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ შეთანხმებას, რომლის თანახმად, სახელმწიფო საზღვრის ხაზი დამტკიცდა რუკით, მასშტაბით 1:500000 ( К-38-Г). ის გამოცემულია შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის მიერს 1936-38 წლებში შედგენილი რუკების საფუძველზე მასშტაბით 1:200 000, რომელიც წარმოადგენს მთავარ სამუშაო მასალას ქართული და აზერბაიჯანული მხარეებისთვის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხთა კომისიის მუშაობაში.

ამის შესაბამისად, მონასტრები - უდაბნო და ჩიჩხიტური დაფიქსირებულები არიან საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის ფარგლებში (განსხვავებით ბერთუბნისგან, რომელიც ასევე, გარეჯის განუყოფელ ტერიტორიას წარმოადგენს, მაგრამ ამ რუკის მიხედვით, აღმოჩნდა აზერბაიჯანის ტერიტრორიაზე).

დღეს სრულიად გაუგებარია აზერბაიჯანული მხარის დაჩემება, რომელმაც 2019 წლიდან, ფაქტობრივად, ჩამოგვართვა მონასტრები ჩიჩხიტური და უდაბნო, რომლის მახლობლად, ჯერჯერობით განუსაზღვრელ ადგილზე, ააშენეს სასაზღვრო სექტორი და ამ საცხოვრისებში სრულიად შეზღუდეს მომლოცველებისა და ტურისტების, ასევე სასულიერო პირების გადაადგილება, რასაც, ბუნებრივია, ჩვენ არ შევეგუებით.

რის საფუძველზე შეიცვალა დღემდე არსებული მდგომარეობა - გაუგებარია.

მივიჩნევთ, რომ ვიდრე არ დასრულდება დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესი, უნდა აღდგეს დღევანდელ დღემდე არსებული სტატუს ქვო და სასულიერო პირებს, მომლოცველებსა და ტურისტებს მიეცეთ შესაძლებლობა მოინახულონ უდაბნო და ჩიჩხიტური, მით უფრო, რომ ასეთ ტერიტორიაზე ფაქტობრივი მდგომარეობის შენარჩუნება სავალდებულოა, ხოლო მეორე სახელმწიფოსთან შეუთანხმებლად და მით უმეტეს ძალისმიერი ნაბიჯებით ვითარების შეცვლა დაუშვებელია.

ვფიქრობთ, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება სათანადოდ შეაფასებს შექმნილ ვითარებას და მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას და ჩვენ ერებს შორის კეთილმეზობლურ და მეგობრულ ურთიერთობებს ალტერნატივა არ ექნება. თქვენი შუამავლობა ამ საკითხში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

გისურვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელობასა და წარმატებას თქვენ მაღალ მსახურებაში. დიდი პატივისცემით სრულიად საქრთველოს კათალიკოს პატრიარქი ილია მეორე“ - აღნიშნულია წერილში.
Print