ახალი ამბები
სხვა ქალაქებიდან შემომავალი ტრანსპორტი მგზავრებს თბილისის შემოსასვლელებთან დატოვებს
თბილისში, სხვა ქალაქებიდან შემომავალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილებას ვერ შეძლებს და მას მგზავრების მიყვანა სპეციალური გადაჯდომის წერტილებამდე შეეძლება.
ამის შესახებ  „სისტრა სპექტრუმ კონსალტინგის“ ჯგუფის ხელმძღვანელმა, ასმათ აბესაძემ განაცხადა.

როგორც აბესაძემ აღნიშნა, მგზავრობა ქალაქ თბილისის მერიის მიერ დადგენილ სატერმინალო სადგურში უნდა დასრულდეს.

„ეს არის სენსიტიური საკითხი. ჩვენი, ხაზს ვუსვამ - ჩვენი ჯგუფის რეკომენდაციაა სხვა ქალაქებიდან შემოსულმა მგზავრმა თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სპეციალურად დადგენილ სადგურებზე დაასრულოს მგზავრობა და იქედან გააგრძელოს თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტით. თბილისის მერიასთან უნდა იყოს შეთანხმებული მარშრუტი, სად ჩამოსვამს მძღოლი ბათუმიდან, ქუთაისიდან, რუსთავიდან თუ სხვა ქალაქიდან შემოსულ მგზავრს. მგზავრობა უნდა დასრულდეს ქალაქ თბილისის მერიის მიერ დადგენილ სატერმინალო სადგურში“ - განაცხადა აბესაძემ.


Print