ახალი ამბები
შსს - დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები 2012 წელს გადაიღეს
ქართველი დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები 2012 წლის მაისის თვეშია გადაღებული. ეს განცხადება საგანგებო ბრიფინგზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლმა მამუკა ჭელიძემ გააკეთა. „გამოძიებით დადგენილია, რომ კადრები ფარულად უკანონოდ გადაღებულია 2012 წლის მაისის თვეში, რისთვისაც 2016 წელს გასამართლებულები არიან ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები“ - განაცხადა ჭელიძემ.

შეგახსენებთ, შსს-მ გამოავლინა და პასუხისგებაში მისც პირი, რომელმაც დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები საჯარო სივრცეში პირველად ატვირთა და გაავრცელა.

აღნიშნული პირი ამ ეტაპისთვის ბრალს მკვლელობისთვის იხდის. მან აღნიშნული კადრები მესინჯერით მოსკოვიდან მიიღო და სოციალურ ქსელში სომხეთიდან ატვირთა.

აღნიშნულ საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რათა დადგინდეს აღნიშნულ დანაშაულში შესაძლო მონაწილე სხვა პირების ვინაობა.

აღსანიშნავია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით დაკავებულია და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაშია მიცემულია 19 პირი.
Print