ახალი ამბები
რუსეთის დუმა საქართველოს წინააღმდეგ სანქციებზე დღეს იმსჯელებს

რუსი სენატორი ალექსეი პუშკოვი საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს და მხარს უჭერს სახელმწიფო სათათბიროს წინადადებას თბილისის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების შემოღების თაობაზე. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ბოდიშის მოხდის დრო გაუშვა.

„მხარს ვუჭერ სახელმწიფო სათათბიროს. ზედმეტი მოუვიდათ საქართველოში ანტირუსული გამოხტომებით, „რუსთავი 2“-ის პროვოკატორებით, ჩვენს ტურისტებზე თავდასხმებით. თავისი ღვინო და წყლები შეუძლიათ უფასოდ გაუგზავნონ ნატოელ მოკავშირეებს - არა მგონია მათ გადაუხადონ. ჭაში ჩაფურთხებას უნდა გადავაჩვიოთ. ბოდიშის მოხდის დრო უკვე გავიდა“ - დაწერა რუსმა სენატორმა თავის „ტვიტერზე“.პუშკოვმა საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც რუსული სანქციებისგან დაზარალდებიან „ურჩია პრეტენზიები საკუთარ ხელისუფლებას წარუდგინონ“.

შეგახსენებთ,რომ რუსეთის სახელმწიფო დუმა „საქართველოში ანტირუსულ პროვოკაციებთან დაკავშირებით შესაძლო დამატებითი ეკონომიკური ზომების“ შესახებ დადგენილებაზე დღეს იმსჯელებს, რომლის პროექტი დუმის ვებგვერდზე უკვე განთავსდა.
დუმა რეკომენდაციით მიმართავს რუსეთის მთავრობას, განიხილოს და წარუდგინოს რუსეთის პრეზიდენტს წინადადებები საქართველოსთან მიმართებაში სპეციალური ეკონომიკური ზომების შესახებ.

„არამეგობრული ქმედებების გაგრძელებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო დუმა მთავრობას რეკომენდაციით მიმართავს, განიხილოს საქართველოსთან მიმართებით სპეციალური ეკონომიკური ზომების გამოყენების მიზანშეწონილობა, რომელიც ფედერალური კანონით არის გათვალისწინებული და წარუდგინოს პრეზიდენტს შესაბამისი წინადადება“- ნათქვამია დოკუმენტში.

ამავე პროექტით, დეპუტატები კატეგორიულად გმობენ საქართველოში უწყვეტ ანტირუსულ პროვოკაციებს და აღნიშნავენ, რომ „ამ ქვეყნის რადიკალური ძალების ღია გამოხდომები მიდის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების შემდგომი დეგრადაციისკენ“ .

დოკუმენტი, რომელიც მომზადებულია დუმის დსთ-ს საკითხთა კომიტეტის მიერ, ითვალისწინებს რუსეთში ქართული ღვინისა და მინერალური წყლების იმპორტის აკრძალვას. ასევე რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების შეჩერებას.


 

Print